Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში (მიანმარი) აუნ სან სუ ჩის სასამართლო იმართება


აუნ სან სუ ჩი
აუნ სან სუ ჩი

ბირმის (მიანმარი) ჩამოგდებული ლიდერი აუნ სან სუ ჩი 14 ივნისს სასამართლოს წინაშე წარდგება. ის თითქმის ოთხი თვის წინ დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ძალაუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში და ბოლო მოუღეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციას.

სუ ჩის სასამართლო დედაქალაქ ნაიპიიდაუში იმართება. მას ბრალად ედება პორტატიული რადიოების უკანონო იმპორტი და COVID-19-ის პროტოკოლით გათვალისწინებული წესების დარღვევა შარშან გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს. არჩევნებში მისმა პარტიამ, დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით. სუ ჩის რიგი სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, მათ შორისაა კოლონიალიზმის პერიოდის სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონის დარღვევა და მექრთამეობაში ბრალდება.

მასთან ერთად ბრალდებულთა სკამზე არიან ჩამოგდებული პრეზიდენტი უინ მიინი და ნაიპიიდაუს ყოფილი მერი მიო აუნი. 15 ივნისს დაიწყება სხვა სასამართლო პროცესი, რომელშიც მას და მიინს ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით გაასამართლებენ.

ბირმა სისხლიანმა ამბოხებამ მოიცვა მას შემდეგ, რაც 2 თებერვალს სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება. სამხედრო გადატრიალების შემდეგ ბირმაში რეგულარულად იმართება სუ ჩის მომხრეთა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელთაც ხელისუფლება იარაღით უპირისპირდება. მოკლულია მინიმუმ 850 დემონსტრანტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG