Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკის სასამართლომ უარყო სოფია საპეგას საჩივარი


სოფია საპეგა
სოფია საპეგა

მინსკის სასამართლომ ორშაბათს უარყო რუსეთის მოქალაქის, სოფია საპეგას საჩივარი მისი დაკავების თაობაზე. საპეგა გასულ თვეში დააკავეს, როცა მინსკში იძულებით დასვეს Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდა საპეგა და მისი მეგობარი, ბელარუსის ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი. ეს საპეგას მეორე საჩივარია, რომელიც სასამართლომ უარყო.

როგორც საპეგას ადვოკატმა განაცხადა, საგამოძიებო კომიტეტში მას შეატყობინეს, რომ საპეგას წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე. უფლებადამცველთა თქმით, ორი საქმიდან ერთ-ერთი ეხება „მტრობის გაღვივებას“. კონკრეტული მუხლების შესახებ არ იტყობინებიან.

23 წლის სტუდენტი სოფია საპეგა 23 მაისს დააკავეს ბლოგერ რამან პრატასევიჩთან ერთად, რომელიც ბელარუსის მოქალაქეა. ისინი ჩამოსხეს Ryanair-ის რეისიდან, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, მაგრამ ბელარუსმა ის აიძულა, მინსკში დამჯდარიყო. ეს მოხდა მას მერე, რაც პილოტებს თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს ბელარუსის დისპეტჩერებმა. თვითმფრინავის ესკორტისთვის ჰაერში ავიდა სამხედრო გამანადგურებელი.

რამან პრატასევიჩი, რომელიც Telegram-ის ოპოზიციური არხი NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია, ბელარუსის ხელისუფლებამ შეიყვანა ტერორიზმში ბრალდებული ადამიანების სიაში. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და ხელისუფლებისა და მილიციის მიმართ სოციალური დაპირისპირების გაღვივების ბრალდებით. ის ეჭვმიტანილია ასევე სახელმწიფო საიდუმლოს გათქმასა და პრეზიდენტის შეურაცხყოფაში.

პრატასევიჩისა და საპეგას დაკავებას მწვავე რეაქცია მოჰყვა დასავლეთში, სადაც მიაჩნიათ, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ განზრახ აიძულა თვითმფრინავი მინსკში დამჯდარიყო, რათა პოლიტიკური ოპონენტი დაეპატიმრებინა. ევროკავშირის ქვეყნები ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავენ. ბელარუსის ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ევროკავშირში ფრენა, ევროკავშირის ავიაკომპანიები კი არ შედიან ბელარუსის საჰაერო სივრცეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG