Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებს მიმართა


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებისადმი ონლაინ მიმართვაში განაცხადა, რომ არა მარტო საქართველო, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები უსაფრთხოების ახალი გამოწვევების წინაშე იმყოფებიან და თავის დასაცავად გზებს ეძებენ.

მისი თქმით, სახეზეა სისტემური და ღირებულებითი კონკურენცია, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება და რომლის სახასიათო ნიშნად ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღმოჩნდა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები. ამ გამოწვევებს გარკვეული სუბიექტები იყენებენ, რათა დაუფარავად აღუდგნენ წინ ან ფარულად გამოუთხარონ ძირი ამ სისტემას - სისტემას, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მსოფლიოს პროგნოზირებადობა, მშვიდობიანი გზით გადაჭრას დავები და დაიცვას ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ზომისა თუ გეოგრაფიული მდებარეობის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, გამოწვევებთან წინააღმდეგობა და დაცვა ქვეყნებისგან მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს.

ამ კონტექსტში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ალიანსი, საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზების გზით, საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.

„დიდი ხნით ადრე, ვიდრე ჰიბრიდული საფრთხეები გამოიკვეთებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სამეცნიერო წრეების საუბრებში, საქართველომ თავად გამოიარა მისი დესტრუქციული ეფექტი. საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომლის თქმითაც ახალ გამოწვევებთან გამკლავება დასავლეთის ძლიერ დემოკრატიულ ქვეყნებსაც უჭირთ, თუმცა საქართველომ რთულ პერიოდებში გამორჩეული გამძლეობა გამოავლინა:

„საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მოდერნიზაცია იმ მნიშვნელოვან ძალისხმევათა შორისაა, რომელსაც ვახორციელებთ, რათა საგარეო საფრთხეების მიმართ მეტად გამძლე ვიყოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ჰიბრიდული ომის საფრთხე გაერთიანებულ ძალისხმევას და პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს.

„ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება. ისეთი საკითხები, როგორიცაა შესაძლებლობების მოდერნიზაცია, კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება გაზრდილი მზაობის მეშვეობით, ალიანსის მასშტაბით მდგრადობის მიზნების შემუშავება და პარტნიორების მდგრადობის მხარდაჭერა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 2030 სამიტის დოკუმენტებში საკვანძო საკითხებადაა გაწერილი. ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოს მდგრადობის გასაზრდელად.

„ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას მისი ბრიუსელის ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად, ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს იმართება ნატოს სამიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დასახელებული იყო წამყვან სპიკერად ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ისეთ ლიდერებთან ერთად, როგორებიც არიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.

საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა პანელზე, სახელწოდებით Investing in Resilience, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა ნატოს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG