Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ლიდერი შიშობს, რომ აშშ-რუსეთის სამიტი შედეგს არ მოიტანს


უკრაინის პრეზიდენტი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ მიმდინარე კვირაში დანიშნული აშშ-რუსეთის სამიტი არ მოიტანს კონკრეტულ შედეგს და მის ქვეყანას კვლავ გაურკვეველ ვითარებაში დატოვებს.

Associated Press-სთვის და სხვა საერთაშორისო სააგენტოებისთვის 14 ივნისს მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ მან ვერ შეძლო აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრა ჟენევაში დანიშნულ სამიტამდე, სადაც ბაიდენი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

"ვფიქრობ, ეს მხოლოდ წაადგებოდა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციებს მოლაპარაკებაში" - თქვა ზელენსკიმ ორშაბათს.

უკრაინას დასავლეთის ძლიერი დახმარება ესაჭიროება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლაში, რომლებსაც ქვეყნის აღმოსავლეთით ტერიტორიის ნაწილები აქვთ დაკავებული.

"ნომერ პირველი შეშფოთება ისაა, რომ კონკრეტული არაფერი ითქმება" - ამბობს ზელენსკი ჟენევაში დანიშნული ბაიდენ-პუტინის სამიტის შესახებ, და განაგრძობს: "ხოლო უკრაინაში არსებული ვითარება ამაზე ძალიან, ძალიანაა დამოკიდებული... ყველას აშინებს ყველაზე რთული საკითხების გადაწყვეტის, საბოლოო გადაწყვეტის საკითხი".

რუსეთი უარყოფს მისი სამხედროების ყოფნასა უკრაინის აღმოსავლეთში, თუმცა წელს, გაზაფხულზე მან საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია წვრთნებით, რომელთა ფარგლებშიც ათასობით რუსი სამხედრო განთავსდა უკრაინის სეპარატისტების მიერ დაკავებული რეგიონების საზღვრებთან. ზელენსკის თქმით, ჯარის ნაწილი უკან იქნა გაწვეული, თუმცა ადგილზე 95,000-მდე სამხედრო რჩება.

ზელენსკი ამბობს, რომ ბაიდენისგან მკაფიო განცხადების მოხმენა სურს, უჭერს თუ არა ის მხარს უკრაინის ნატოში საბოლოო გაწევრიანებას.

"ვისურვებდი კონკრეტულ პასუხს - დიახ, ან არა" - თქვა ზელენსკიმ. "მესმის, რომ ეს უნდა იყოს შეთანხმებული პოზიცია ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის. და მაინც, გვჭირდება კონკრეტული თარიღები" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

ბაიდენმა ზელენსკი ივლისში ვაშინგტონში მიიწვია მასთან შესახვედრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG