Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: რუსეთის აგრესია არ გამორიცხავს უკრაინის ნატოში მიღების შესაძლებლობას


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიუსელში ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არ გამორიცხავს ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობას, მაგრამ კიევმა რიგი პირობები უნდა შეასრულოს.

მისი სიტყვებით, წევრობის სამოქმედო გეგმის, MAP-ის მისაღებად, უკრაინა უნდა შეესაბამებოდეს აუცილებელ კრიტერიუმებს. „უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა მოახდინოს კორუფციის ლიკვიდაცია“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ ნატოში უკრაინის შესაძლო წევრობა დამოკიდებულია ასევე იმ ქვეყნების პოზიციაზე, რომლებიც შედიან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. „მე ვიცი, რომ მათი დარწმუნებაა საჭირო, ეს კი იოლი არაა“, თქვა ბაიდენმა. მან აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები კვლავაც მზად არიან მხარი დაუჭირონ უკრაინას, რათა მან შეძლოს რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

კომუნიკეში, რომელიც გამოქვეყნდა ბრიუსელის სამიტის შემდეგ, ნათქვამია, რომ უკრაინა მომავალში „გახდება ნატოს წევრი“, მაგრამ ასევე აღნიშნულია, რომ გაწევრიანებისთვის მზადყოფნის ხარისხზე, ისევე, როგორც ნატოს სხვა პარტნიორი ქვეყნების შემთხვევაში, „გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მიღწევების შესაბამისად“. იგივეა ნათქვამი საქართველოს შესახებ. 2008 წელს ორივე ქვეყანამ მიიღო დაპირება, რომ ნატოს წევრები გახდებიან.

კომუნიკეში ნათქვამია, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის 30 წევრი ქვეყნის ლიდერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „რუსეთის აგრესიული მოქმედებები საფრთხეს წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“. დოკუმენტში ჩინეთის შესახებ უფრო რბილადაა ლაპარაკი.

15 ივნისს ბრიუსელში აშშ-ევროკავშირის სამიტი იმართება. 16 ივნისს კი ჟენევაში შედგება ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG