Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს


ჰელგა მარია შმიდი, ირაკლოი ღარიბაშვილი.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთო-ს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მათ განიხილეს საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები.

„ხაზი გაესვა ეუთოს მნიშვნელოვან ჩართულობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა ეუთო-ს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში", - იუწყება ადმინისტრაცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ილაპარაკა ზაზა გახელაძისა და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების საკითხის ყველა დონეზე დაყენების შესახებ, მათ შორის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. პრემიერმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართული მხარე აფასებს ODIHR-ის ჩართულობას არჩევნებზე დაკვირვების პროცესში. მან გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანამ ODIHR-ის დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა მიიღოს.

ადმინისტრაციის ცნობით, ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა კავკასიის საკითხებში საქართველოს მედიაციას და ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG