Accessibility links

site logo site logo

ევროკომისიის ანგარიში: რუსეთი მიმართავს პირდაპირ და ჰიბრიდულ ქმედებებს მოუგვარებელ კონფლიქტებთან მიმართებით


ჟოზეპ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი, 16 ივნისს დღის მეორე ნახევარში წარმოადგენს ევროკომისიის ანგარიშს, რომელსაც ეწოდება „ერთობლივი ინფორმაცია ევროპარლამენტის და ევროპული საჭოსათვის ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობაზე“.

დოკუმენტში, რომელსაც რადიო თავისუფლება გამოქვეყნებამდე გაეცნო, საუბარია რუსეთის ხელისუფლების სწრაფვაზე, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ჩაერიოს, დაასუსტოს ანდა მოახდინოს როგორც ევროკავშირის წევრი, ისე ბალკანეთისა და აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების დესტაბილიზაცია.


„რუსეთი განაგრძობს სულ უფრო დახვეწილ კიბერთავდასხმებს და ოპერაციებს ინფორმაციის მანიპულაციის მიზნით, მიმართავს ქიმიურ და სხვა სახის თავდასხმებს, მათ შორისაა თავდასხმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე (OPCW), გერმანიის ბუნდესტაგზე, სკრიპალებზე სოლსბერიში, და ასევე ჩეხეთში იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქება.
რუსეთი ახორციელებს პირდაპირ და ჰიბრიდულ ქმედებებს იმ მოუგვარებელ კონფლიქტებთან მიმართებით, რომლებსაც თავადვე ასაზრდოებს უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში და ასევე ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში, სირიისა და ლიბიის ჩათვლით“, - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშის პროექტში.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი კვლავაც უპირისპირდება რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც სურს საკუთარი თავი წარმოადგინოს შუამავლად და არა როგორც მხარედ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე არსებულ კონფლიქტებში.
„ანექსირებული ყირიმის და რუსეთის მიერ „დამოუკიდებლად“ აღიარებული საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხერთ ოსეთთან დაკავშირებით ევროკავშირი არაღიარების პოლიტიკას ახორციელებს“, - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები 24-25 ივნისის სამიტზე განიხილავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG