Accessibility links

site logo site logo

გოლეთიანი: ხელისუფლებისგან ველოდებით მედიაციის შეხვედრაზე დაყენებული პირობების შესრულების პირველ ნაბიჯს


ვარლამ გოლეთიანი

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ადგილზე ვითარება არ შეცვლილა. ვარლამ გოლეთიანმა „დილის საუბრებში“ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრაზე ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა იწურება და რიონის ხეობის მცველები მისგან პირველი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან:

„პარასკევამდე მიეცათ მათ ეს ვადა და რა ვიცი დღეს ხუთშაბათია. ანუ მოცემულ მომენტამდე ბარიკადები დევს და ჩვეულებრივად პროცესი აქ არ შეცვლილა. რაც იყო ის არის. სამუშაო პროცესი გაჩერებულია ზოგადად ხეობაში. სამუშაო პროცესი არ მიდის იმიტომ, რომ იცით, რომ ხეობის შესასვლელები, ზოგადად ყველა შესასვლელში ვდგავართ და კომპანიას ჩვენ არ ვაძლევთ შესაძლებლობას იმისა, რომ მუშა პროცესი გააგრძელოს. თუმცა თუ მედიაციის პროცესს დავიწყებთ, ანუ პირველი ნაწილი ამ პირობებისა შესრულდება და ჩვენ გადავინაცვლებთ პროტესტის ძირითად ადგილზე, მუშაობის შეჩერებას განვიხილავთ უკვე იმ დიალოგის მაგიდასთან. ანუ არგუმენტირებულად იქ ჩვენ ვიტყვით, რატომ უნდა შეჩერდეს სამუშაო პროცესი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავიწყოთ უკვე უშუალოდ მედიაციის პროცესი“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა „დილის საუბრებში“.

გადაცემაში ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 12 ივნისს ევროკავშირის მედიაციით გამართული შეხვედრის პირობებზე ეკონომიკის მინისტრმა არასწორი ინტერპრეტაციები გააკეთა:

„თურმე ჩვენ გველოდებოდნენ, თურმე საჯარო პირობა უნდა დაგვედო რომ რაიმე გადაცდომა არ მოხდება და კომპანიას არ შეეშლება ხელი. ბუნებრივია ამაზე საუბარი არ ყოფილა თვითონ შეხვედრაზე. შეხვედრას თავად არ ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი. და საერთოდ გადაწყვეტილების მიმღებები არ დადიან ხოლმე ამ შეხვედრებზე, რაშიც ჩვენ ვმონაწილეობთ ხოლმე. ეს ძირითადად ესეა. ამიტომ საბოლოო ჯამში არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა მათგან. მერე მოხდა დაზუსტება თავად ბატონი ბუშლესგან. მან თქვა, რომ ნაბიჯი ახლა არის ხელისუფლებაზე და მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. რაც გულისხმობს ბარიკადების აღებას საპოლიციო ძალების გასვლას და ჩვენ დაბრუნებას პროტესტის ძირითად ადგილზე“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა „დილის საუბრებში“.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლების წარმომადგენლები სამი პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ. ესენია, რისკების შესწავლა, ბარიერების მოხსნა და კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების რეალიზება გადააგილებაზე და ენერგოუსაფრთხოების დოკუმენტის შემუშავება.

მოგვიანებით ევროკავშირის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია „ნამახვანჰესის“ პროექტის გამო სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის დაწყებული მოლაპარაკების ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრის შესახებ.

მოლაპარაკების შუამავალი, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე ყველაზე მნიშვნელოვან და გადაუდებელ ზომად მიიჩნევს რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციას. ბუშლეს განცხადებით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები და ხეობაში შესვლა ისევ შესაძლებელი უნდა იყოს, ისევე, როგორც ჯებირის ორივე მხარეს ადამიანების და საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

დირკ ბუშლეს თანახმად, შესაბამისი ზომები უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ უნდა მიიღოს და მან აიღო ვალდებულება, რომ შეცვლის არსებულ ბარიერებს და მთავარ გზაზე წვდომას უზრუნველყოფს. მედიატორის განცხადებით, თავის მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო მოედნისკენ მიმავალ გზას.

"რიონის ხეობის მცველები", რომლებიც "ნამახვანჰესის“ პროექტს ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევენ, შვიდ თვეზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავენ და მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს რიონის ხეობისკენ მიმავალი გზები გადაკეტილი აქვთ და ცდილობენ ხეობაში არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის, "ენკას" ტექნიკა. პოლიციას სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აქვს აღმართული.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ „ნამახვანჰესი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებდა, ქუჩაში პროტესტის ნაცვლად ჩაერთონ პროექტის ყველა დეტალის გასარკვევად შექმნილ ფორმატებში, ექსპერტების და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით. მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ფორმატებით საკითხის განხილვამდე რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია.

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას მემკვიდრეობით ერგო "ნამახვანჰესის" არსებული პროექტი და პრობლემა, თუმცა, ინვესტორთან ერთად მუშაობს, რათა პროექტში ცვლილებები შევიდეს და ჰესი არსებული პროექტის მიხედვით არ აშენდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG