Accessibility links

site logo site logo

სუსი: უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია


რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ლაშა ხეთერელის გათავისუფლების მიზნით „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მუდმივი კომუნიკაციის პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, „საზღვრის“ დარღვევისთვის 2020 წლის 30 ივნისს დაკავებულ ლაშა ხეთერელს ცხინვალის სასამართლოს მიერ მისჯილი ერთწლიანი პატიმრობის ვადა ეწურებოდა და ის 17 ივნისს გადაეცა ქართულ მხარეს.

ლაშა ხეთერელი ლიახვის ხეობიდან დევნილია, ხეთერელი "საზღვრის" დარღვევის ბრალდებით ადრეც არაერთხელ იყო დაკავებული.

ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში არიან ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ზაფხულში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, მოგვიანებით ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობაშიც და 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები, 2019 წელს დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG