Accessibility links

site logo site logo

სუბარი 20 ივნისის შესახებ: ეს იყო შტურმი პარლამენტზე, თავდასხმა კანონის დამცველებზე


„მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, გაზთან ერთად წყლის ჭავლის მანქანები რომ ყოფილიყო გამოყენებული, შეიძლება თავიდან აგვეცილებინა მძიმე დაზიანებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს“, - ასე ეხმაურება რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი 2019 წლის 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის დაშლის ფაქტს.

სოზარ სუბარი აქციის დაშლიდან ორი წლის თავზეც დარწმუნებულია, რომ 20 ივნისს, დემონსტრანტებმა პარლამენტზე შტურმი განახორციელეს:

„მთელი საქართველო უყურებდა პირდაპირ ეთერში და ბევრიც იქ იყო და შეუძლებელია ამის სხვანაირად შეფასება, ეს იყო შტურმი პარლამენტზე, თავდასხმა კანონის დამცველებზე, ყველანი ვუყურებდით პირდაპირ ეთერში, როგორ სცემდნენ პოლიციელებს სხვდასხვა საგნებით, როგორ პირდაპირ იტაცებდნენ მათ რიგებიდან და როგორ იყო მცდელობა შეჭრილიყვნენ პარლამენტში. შტურმი იყო ნამდვილად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო თუ არ იყო, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხებია, მაგრამ ამ შტურმს ჰყავდა თავის ორგანიზატორები და შემსრულებლები. დღეს უბრალოდ, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებაც ეს არის და სიტყვასიტყვითაც ეს წერია, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია პროცესის მონაწილე ყველა მხარეზე, როგორც შტურმის მონაწილეებზე და მათზე, ვინც თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ისე იმ პოლიციელებზე, რომლებმაც გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას და ზოგ შემთხვევაში შეიძლება მართლა პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს“.

ორი წელი გავიდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლიდან, რომლის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, რამდენიმემ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, დაკარგა თვალი და მხედველობა.

2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომას, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG