Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე ისაუბრა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე


საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მოსაზრებით, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეები, აშშ-ის, ევროკავშირისა და თურქეთის სახით, აქტიურად ჩაერთონ რეგიონში მიმდინარე პროცესებში.

ამის შესახებ მან ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, სამხრეთ კავკასიისადმი მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს კონსტრუქციული მიდგომების მოუხედავად რუსეთი დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს, რაც საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებში გამოიხატება:

„საქართველო, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან და შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად ქართული მხრიდან კონსტრუქციული მიდგომის დემონსტრირებისა, ასევე პოზიტიური სიგნალებისა, რომ საქართველო მზად არის დეესკალაციისთვის, სამწუხაროდ, ოკუპაცია კვლავაც გრძელდება. მეტიც, ჩვენ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის პარალელურად, დამატებით კიდევ ერთი ფორმატიც კი ჩამოვაყალიბეთ, რათა შესაძლებელი გახდეს კონკრეტულ საკითხებზე საუბრის დაწყება და რუსეთის ფედერაციასთან ისეთ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა, სადაც არსებობს ამის შესაძლებლობა. ვგულისხმობ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ვაჭრობასა და ხალხთაშორის ურთიერთობებს. ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ აღნიშნულ პოზიტიურ გზავნილებს პოზიტიური გავლენა მოეხდინა სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რადგან რუსეთი არ გვპასუხობს მსგავსი პოზიტიური დღის წესრიგით. ახლაც კი, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, მავთულხლართებისა და ღობეების აღმართვის პროცესი. მეტიც, გახშირებულია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უკანონოდ დაკავების ფაქტებიც. ეს ჩვენთვის ყოველდღიურობად იქცა. სულ ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს ჩვენი ეთნიკურად ქართველი მოქალაქე, ზაზა გახელაძე და მას, ცხინვალის ციხეში გადაყვანის შემდეგ, 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს, თუ როგორ გვპასუხობს რუსეთის ფედერაცია ჩვენს პოზიტიურ გზავნილებზე, რაც დეესკალაციისა და დიალოგში ჩართულობისკენ არის მომართული“.

დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რისთვისაც საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ ფორმატს, მათ შორის, კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში:

„სამწუხაროდ, ჟენევის ფორმატის სამივე ძირითადი მიმართულების თვალსაზრისითაც, არც აქ შეინიშნება რაიმე სახის გარღვევა, ვგულისხმობ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, საერთაშორისო უსაფრთხოების ფორმატის ჩამოყალიბებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ჩვენ იურიდიული ძალის მქონე პირობა დავდეთ, რომ არ ვაპირებთ ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი ფორმებით აღდგენას და რუსეთსაც მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს. თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ამჯერადაც არ გვპასუხობს დადებითი დღის წესრიგით. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ და ვითხოვთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სტრატეგიული მოკავშირეებისაგან, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი თუ თურქეთი, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ რეგიონში”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG