Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ რეგიონებში უსარგებლო და უაზრო უწოდეს თბილისის ახალ ინიციატივას


ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი
ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა „რამდენიმე ათეული თბილისური ოჯახის ბიუჯეტისთვის გაწეულ მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებად“ შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის შესამუშავებლად შექმნას სპეციალური კომისია.

ცხინვალის სააგენტო „რესს“ მედოევმა განუცხადა, რომ „კლასიკური გამონათქვამი - დასავლეთი დაგვეხმარება, როგორც ჩანს, რეალურ კონტურებს იძენს“.

მედოევის თქმით, „სამხრეთ ოსეთმა“ სააკაშვილის დროიდან გამოსცადა არაერთი მსგავსი პროექტი, რომლისგანაც არანაირი შედეგი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით თბილისში „ფუნქციონერებისთვის“ მოტანილ სარგებელს. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, დღესაც მთავარი მიზანი იქნება ამ პროექტებიდან მიღებული ფინანსური საშუალებების გადანაწილება.

საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „უსარგებლო, არაეფექტური, დროის სულისკვეთებასთან შეუსაბამო და აფხაზეთის ინტერესების საწინააღმდეგო“ უწოდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში. მისი კომენტარი ადგილობრივმა სააგენტო „აფსნიპრესმა“ გაავრცელა:

„გულუბრყვილობა იქნებოდა, ასეთი სახელწოდების კომისიისგან ელოდებოდე თანამედროვე პოლიტიკური რეალიების ადეკვატურ ახალ იდეებს, როლებიც მისაღები იქნებოდა აფხაზეთისთვის“.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ადრინდელი ქართული პროექტების კრახის გამო, თბილისს უნდა გაეცნობიერებინა მსგავსი ინიციატივების სრული არაეფექტურობა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას შესაძლოა, მხოლოდ „საქართველოს შიგნით ჰქონდეს ხანმოკლე პროპაგანდისტული ეფექტი“ და უმჯობესი იქნება, თუ ქართული მხარე „უაზრო ინიციატივების“ ნაცვლად მეტ ყურადღებას დაუთმობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომელიც შეფერხებულია „საქართველოს არაკონსტრუქციული პოზიციის“ გამო.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა 21 ივნისს გადაწყვიტა, შექმნას სამთავრობო კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგია. კომისიას უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, პროცესში ჩაერთვებიან როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუტები, ისე სამოქალაქო საზოგადოება, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კონფლიქტების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები. საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი და კონსულტაცია და ერთობლივად შემუშავდება დეოკუპაციის და სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების სახელმწიფოებრივი ხედვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG