Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის მთავრობამ კატალონიელი სეპარატისტების ცხრა ლიდერი შეიწყალა


ესპანეთში ათასობით ადამიანი გამოდის კატალონიელი სეპარატისტების შეწყალების წინაღმდეგ.
ესპანეთში ათასობით ადამიანი გამოდის კატალონიელი სეპარატისტების შეწყალების წინაღმდეგ.

ესპანეთის მთავრობამ შეიწყალა კატალონიელი სეპარატისტების ცხრა ლიდერი, რომლებიც ესპანეთიდან გამოყოფის თაობაზე 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ გაასამართლეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. რეფერენდუმი არ ცნეს ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ და რეგიონში მისმა მომხრეებმა და მას სეპარატისტების მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებების სერია მოჰყვა.

2019 წელს კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ დანაშაულებებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო ამბოხების წაქეზებასთან და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისთვის, რაც რეფერენდუმის მოწყობაზე წავიდა. მათ ციხიდან გაათავისუფლებენ მას შემდეგ, რაც შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება იურიდიული პროცედურებით იქნება ფორმალიზებული, იტყობინება AFP.

შეწყალებულებს აეკრძალებათ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. ახალი კანონდარღვევების შემთხვევაში კვლავ ძალაში შევა პატიმრობის ვადები, რომლებიც მათ მოსახდელი დარჩათ.

მთავრობის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია მემარჯვენე ოპოზიციაში და კატალონიურ პარტიებში, რომლებიც მის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს. მემარჯვენეებმა მეფე ფილიპე VI-სგან მოითხოვეს, ხელი არ მოაწეროს შეწყალებას, რათა არ მოხდეს სეპარატისტების წაქეზება. კატალონიის პარტიები კი მოითხოვენ რეფერენდუმში მონაწილე ყველა პოლიტიკოსის შეწყალებას, მათთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემას და მადრიდის მიერ რეფერენდუმის ჩატარების უფლების გაცემას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG