Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის მამა განზრახვას ჯერჯერობით არ ცვლის


ცხინვალის ციხის პატიმრის, ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე ოჯახის და პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით არ აპირებს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა გადაიფიქროს. ამის შესახებ დღეს დილით ჟურნალისტებს უთხრა ზაზა გახელაძის ცოლმა ირმა ბუთხუზმა.

ოჯახის სხვა წევრები მხარდამჭერებთან ერთად, ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალიდან სამთავისისკენ. ირმა ბუთხუზმა უარყო, რომ ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.

22 ივნისს, მიხეილ გახელაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სოფელ ქვემო ჭალაში, გახელაძეების ოჯახში კი იმყოფებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და კასპისა და სამთავისის მიტროპოლიტი დამიანე. ოჯახთან სასულიერო პირების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართავს რუსეთის პატრიარქს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. მოგვიანებით გახელაძეს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობისთვისაც. 2021 წლის თებერვალში, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

უკანონო პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების არაერთ დაპირებას ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ, შედეგი დღემდე არ მოჰყოლია, ამიტომ 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს საპროტესტო აქცია დაგეგმეს.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ფორმატთან ერთად გამოყენებულია სხვა, არაფორმალური მექანიზმებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG