Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სენატში წარდგენილი რეზოლუცია „მიშელის შეთანხმების“ სწრაფად შესრულებას მოითხოვს


აშშ-ის სენატში წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს, სწრაფად შეასრულონ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. დოკუმენტში ასევე მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის და ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

აშშ-ის სენატი აქტიურად უჭერდა მხარს ევროკავშირის შუამავლობით წარმოებულ მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასრულებას ისახავდა მიზნით. საბოლოოდ, 19 აპრილს მხარეებმა ხელი მოაწერეს ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებას“, რის საფუძველზეც ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობა პარლამენტში შევიდა.

„შარლ მიშელის შეთანხმება“, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირთა მიმართ ამნისტიას, ამბიციურ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს.

22 ივნისს წარდგენილ რეზოლუციაში აშშ-ის სენატი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას", „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და საქართველოს პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს, „სრულად შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული და 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება“.

ის შეიცავს მოწოდებას ქართველი არჩეული პარლამენტარებისადმი, „დაიკავონ ადგილი პარლამენტში და დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას...“

რეზოლუციის პროექტი „მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს ყველა მხარესთან ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის გზით შემუშავებული სისტემური რეფორმები, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და ის არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური და პარტიული მიზნებისთვის...“

იმისთვის, რომ მსგავსი ჩიხური ვითარება და პოლიტიკური კრიზისი არ განმეორდეს, რეზოლუცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „გაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმა“.

დოკუმენტში ხაზგასმულია ასევე რუსეთის დესტრუქციული როლი საქართველოში შექმნილ ვითარებაში: „საქართველოში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის მცდელობებით, დაეთესა ქაოსი მთელს საქართველოში, მათ შორის უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე“.

აშშ-ის სენატში ჯერ კიდევ 19 აპრილის შეთანხმების მიღწევამდე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თუკი მხარეები შეთანხმებას ვერ მოახერხებდნენ, აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არც ფინანსურ სანქციას - საქართველოსთვის დახმარების გამოყოფისას პირობების დათქმას გამორიცხავენ.

სენატში წარდგენილ რეზოლუციაში კვლავ გაიჟღერა შეერთებული შტატების მხრიდან პირობების დაწესების თემამ. მასში გამოხატულია „შეშფოთება, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერების შეფერხება შეანელებს მის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისა და ეკონომიკის გაძლიერების გზაზე და ამან შეიძლება გამოიწვიოს პირობების დაწესება შეერთებული შტატების დახმარებაზე“.

დაბოლოს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში უფრო ძლიერ დემოკრატიას მმართველი ინსტიტუტებით, რომლებიც ცხადყოფს სამართლიანობას, კონტროლს და ბალანსს, გამჭვირვალობას, რუსული და სხვა მავნე გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობებს და უნარს, მიღწეულ იქნეს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციას ხელს აწერენ სენატორები რონ ჯონსონი, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG