Accessibility links

site logo site logo

ისრაელში ისევ სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეში ნიღბის გამოყენება


ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი კვირიდან ისევ სავალდებულო იქნება შენობებში დამცავი ნიღბით ყოფნა. 15 ივნისს გაუქმებული ვალდებულების აღდგენა იმას უკავშირდება, რომ ბოლო 4 დღეა ისრაელში 100-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი. ხუთშაბათს კორონავირუსი დაუდასტურდა 183 ადამიანს, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოცემა Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ქალაქ აშკელონის კანალიზაციის სისტემაში აღმოჩენილია კორონავირუსის „დელტა“ შტამის კვალი. ჯანდაცვის სამინისტრომ აშკელონის მცხოვრებთ განსაკუთრებული ყურადღებისა და მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც კი, ტესტირებისკენ მოუწოდა.

ისრაელში აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი, რომელშიც 12-15 წლის ასაკის მოზარდებიც ჩართეს. ისრაელის მოქალაქეებს ცრიან „ფაიზერის“ ვაქცინით, რომელიც მწარმოებლის თანახმად, საკმაოდ ეფექტურია უფრო სწრაფი გავრცელებით გამორჩეული „დელტა“ შტამის წინააღმდეგაც.

ისრაელში უკვე აცრილია მოქალაქეთა 59%. ამ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ქვეყნის მარაგში არსებულ ვაქცინებს გამოყენების ვადა ივლისის ბოლოს ეწურება და მთავრობა ახალი დოზების მისაღებად მუშაობს.

პანდემიის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსული ინფექციით დაავადდა 840 ათასზე მეტი ადამიანი და 6400-ზე მეტი გარდაიცვალა. ქვეყნის მოსახლეობა 9 მილიონს აჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG