Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციას ადარებს "წუნია კაცს" სარეკლამო რგოლიდან


„ჩვენი ოპოზიცია დღითი დღე სულ უფრო მეტად ემსგავსება სარეკლამო რგოლს "წუნია კაცთან" დაკავშირებით, რომლიც არასდროს არაფრით კმაყოფილი არ არის, რომელსაც არავითარი უნარი არ შესწევს, რომ რეალურად დააფასოს ის მიღწევები, რომელიც სახელმწიფოს აქვს და საგნობრივად იკამათოს ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის“, - თქვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში კომიტეტების სახელით სიტყვით გამოსვლისას რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც პრემიერის ერთწლიანი ანგარიშის მოსმენის გამო იმართება.

„უიშვიათესი რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩვენ არ მოგვისმენია ოპოზიციის მხრიდან რაიმე საგნობრივი, რაიმე საქმიანი განცხადება ანგარიშთან დაკავშირებით, რაიმე, რაც შესთავაზებდა მოსახლეობას თუნდაც იოტისოდენა განსხვავებულს, რომელიც იქნებოდა უკეთესი. ასეთ დისკუსიას, ვფიქრობ, რომ მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა და გასაქანი საქართველოში არ უნდა ჰქონდეს. ალბათ, მეტი მოლოდინი არც უნდა გვქონოდა ოპოზიციის იმ ნაწილისგან, დღემდე ჯიუტად ცდილობს, რომ "შარლ მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერას თავი აარიდოს, რამენაირად შეეწინააღმდეგოს ასეთი ტიპის დოკუმენტების განხორციელებას და, შესაბამისად, შეინარჩუნოს საკუთარი გადმოსახედიდან და სტანდარტებიდან, ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რომელიც მისთვის შეიძლება შესატყვისი იყოს და ეს არის კარავი, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ვხედავთ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პრემიერის ანგარიშის განხილვისას. მან მადლობა გადაუხადა მთავრობას და მთავრობის მეთაურს ეფექტური მუშაობისთვის.

მიხეილ სარჯველაძის სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის დარბაზში ოპოზიციამ რუსეთის ჰიმნი ჩართო იმის ნიშნად, რომ მისი გამოსვლა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ასოციაციას ქმნიდა.

„პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო საქმიანი და დაფუძნებული საკმაოდ სიღრმისეულ ცოდნაზე ჩვენი ქვეყნის არსებული ვითარებისა. ასევე, სიღრმისეულად სწორ ხედვაზე ჩვენი ქვეყნის პოტენციალისა, რაც უმნიშვნელოვანესი საწინდარია ქვეყნის სწორად განვითარებისთვის და ამის დაგეგმისთვის.

რაც მნიშვნელოვანია, ანგარიში ეფუძნება სწორ ღირებულებათა სისტემას, რომელთა შორის ადამიანის უფლებები არის მწვერვალზე. ანგარიშში წარმოდგენილი იყო ხედვა და აღქმა ქვეყნის წინაშე მდგარი უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევისა.

და, რაც ყველაზე მთავარია, ანგარიშში ასახული მომავლის ხედვა რეალისტურია. ამბიციურია ის გეგმები, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას წარმოდგენილი და მინდა ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრის სიტყვებითვე: "რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა აუცილებლად შეეხება ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქეს და აისახება მათ კეთილდღეობაზე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხეილ სარჯველაძის გარდა, მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმაც გამოთქვეს ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილება.

„ამ დარბაზში ხშირად ვისმენთ ძალიან ბევრ სიცრუეს და გასაკვირი არც ის იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი საქმეზე საუბრობდა და ჩვენი ოპონენტები ძირითადად იყვნენ უსაგნო ბრალდებებით, ტყუილის ტირაჟირებით დაკავებულები და ამით ცდილობდნენ მოსახლეობის ყურადღება წინასაარჩევნოდ მიექციათ. სიცრუით არ უნდა იცხოვროთ. იმუშავეთ არა კარვებში, არამედ პარლამენტში“, - ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„მინდა, ჩვენს ოპონენტებს ვურჩიო და ვუთხრა, რომ მათი რადარები მოძველდა ან მწყობრიდან არის გამოსული. შესაბამისად, შესაცვლელი აქვთ რადარები, ისევე როგორც კარვები, რომლებიც ასევე მოძველდა და რომლებსაც უკვე არანაირი შინაარსი, არც საპროტესტო, აღარ აქვს, უბრალოდ, ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ”, - უთხრა ოპონენტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG