Accessibility links

site logo site logo

ფეხბურთმა რა ჰქმნა?!


ავტორი: ინგა ღოღობერიძე

2021 წლის 21 ივნისია. თერთმეტს ათი წუთი აკლია. ჩემი ძმა ფინეთი-ბელგიის თამაშისთვის ემზადება. ეს იმიტომ ვიცი, რომ გაღვიძების შემდეგ ამ დრომდე, დაახლოებით, შვიდჯერ მაინც მითხრა თავისი პროგნოზი, რა ანგარიშით დამთავრდება მატჩი.

მისაღებ ოთახში წიგნების კარადა გვაქვს, რომელიც რამდენიმე თაროსგან შედგება. უელბეკის, ფამუქის, მურაკამისა თუ ამელი ნოტომის გვერდით ერთი დიდი თაროა, სადაც ლამაზ სქელყდიან წიგნებს დაინახავთ (რომც ვერ დაინახოთ, არ არის პრობლემა, ჩვენთან სტუმრად მოსულებს ჩემი ძმა მაინც სათითაოდ დაგათვალიერებინებთ): ,,მესი“, ,,ალექს ფერგიუსონი“, ,,ქართული ფეხბურთის ქრონიკები“, ,,მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ა.შ. ეს ჩემი ძმის პირადი თაროა. ეს ჩემი ძმის სამყაროა.

ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ამის სხვადასხვა მიზეზი აქვს. ზოგი მამას ჰყავდა დინამოს თამაშზე, ზოგმა ანდრეი შევჩენკოს ლამაზი ცხვირის გამო დაიწყო ყურება, ზოგს უბრალოდ გენეტიკურად გადმოეცა ეს სიყვარული. თუმცა, ვარ მე.. და ჩემი მიზეზი ყველა ზემოთ ჩამოთვლილთაგან განსხვავდება. ფეხბურთმა იმ ადამიანის ცხოვრება გახადა უკეთესი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

23 წლის წინ 8 წლის ბიჭს ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც მსუბუქი ინტელექტუალური შესაძლებლობების შეზღუდვაც დაერთო. პატარა ბიჭის მისაღებად მზად არც ქვეყანა, არც განათლების სისტემა და შესაბამისად, არც საზოგადოება აღმოჩნდა. თუმცა, დახმარების ხელი არაერთ ადამიანს გამოუწვდია. კრუნჩხვებში მყოფს ზოგი შავ ნაჭერს აფარებდა, ვაიდა მისი სხეულიდან ამოსული ეშმაკი სადმე არ გაპარულიყო, ზოგი ენას აგლეჯდა, გადაყლაპვას ამოცლა ჯობიაო, ზოგი ჩემს მშობლებს სიბრალულით და ცოტა საყვედურით სავსე თვალებით უყურებდა, ასეთი რა ცოდვები გაქვთ, შვილზე რომ გადავიდაო. მოკლედ, კეთილისმსურველი ბევრი იყო, ჩემი ძმის დამოუკიდებელ და ,,ნორმალურ“ პიროვნებად მიმღები - არავინ.

ჩემი ძმა სკოლაში დადიოდა. ვერ სწავლობდა, მაგრამ კლასიდან კლასში გადაჰყავდათ. მაშინ არც ინკლუზიური განათლება არსებობდა (დღეს რომ არსებობს, თორემ რა?) და არც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შესახებ იცოდნენ რამე. ერთადერთი, რა დახმარების გაწევაც სკოლას მშობლებისთვის შეეძლო, ბავშვისთვის დაუმსახურებელი ნიშნის დაწერა იყო. ასეც იქცეოდნენ.

და მაშინ, როცა ჩემი ძმა სულ უფრო და უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში, სულ უფრო და უფრო ეშინოდა ქუჩაში გასვლის, უფრო და უფრო ვერ აიგივებდა საკუთარ თავს ვერც თანატოლებთან და ვერც გარე სამყაროსთან - 2002 წლის ზაფხულში, ტელევიზორის წინ პულტით თამაშისას, მისი ყურადღება მწვანე მოედანმა მიიპყრო, სადაც ერთ ბურთს 22 კაცი დასდევდა. არ ვიცი, რა დაინახა მწვანესა და ყვითელ ფერებში ასეთი მიმზიდველი მაშინ ჩემმა ძმამ, მაგრამ ფაქტია, რაღაც დაინახა და იმ დღის მერე ის ჯერ ბრაზილიის, შემდეგ კი ზოგადად ფეხბურთის ყველაზე დიდი გულშემატკივარი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის კვალდაკვალ კლუბების თამაშების ყურებაც დაიწყო და ამჯერად მისი სიყვარული შავ-თეთრმა ფერებმა დაიმსახურა. ასე შემოვიდა ჩვენს ოჯახში ,,იუვენტუსი“, იგივე ,,იუვე“, როგორც ოჯახის წევრები მოფერებით ვეძახით. წლების განმავლობაში, ყოველ დილით, როგორც კი თვალს ვახელ, ლოგინთან ჩამომჯდარ ჩემს ძმას ვხედავ, რომელიც ან გახარებული მეუბნება, როგორ მოიგო გუნდმა, რომელსაც კონკრეტულ მატში გულშემატკივრობდა ან მოწყენილი მატყობინებს, როგორ წააგეს, რატომ წააგეს და რა უნდა გაეკეთებინათ, რომ არ წაეგოთ. თუმცა, თუკი ,,მისმა გუნდმა“, ანუ ჩვენმა იუვემ წააგო, მაშინ მდგომაროება უფრო სავალალოა და ყველამ ვიცით, რომ იმ დღეს ჩემს ძმასთან არც უნდა გავიცინოთ, არც ვიხუმროთ და არც ტელევიზორი ჩავრთოთ ხმამაღლა!.. და ამ დროს მინდა იუვენტუსის ყველა ფეხბურთელს ცალ-ცალკე ვთხოვო, შემდგომში ცოტა უფრო ყურადღებით ითამაშონ და თუ სათანადოდ არ არიან მომზადებული, კეთილი ინებონ და ცოტა უფრო მეტი ივარჯიშონ. ამის პარალელურად, არის დიდი დღეები, იუვენტუსის გამარჯვების დღეები და ჩემი ძმის ბედნიერი თვალები, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის მეტყვის სიამაყით, რომ იუვემ მოიგო და აწი, სულ ყველა თამაში რომც წააგოს, მაინც ჩემპიონიაო.

ენტონი ბერჯესს უთქვამს, ბიბლიაში წერია: ხუთი დღე სამუშაოსთვისაა განკუთვნილი, მეშვიდე ღმერთის გახლავთ, აი, მეექვსე კი ფეხბურთის დღეაო. ჩემი ძმის შესახებ რომ სცოდნოდა, იტყოდა, შვიდივე დღე ფეხბურთისააო. ფეხბურთი გახდა მისთვის სამსახურიც, უნივერსიტეტიც, მეგობარიც, შეყვარებულიც. ფეხბურთმა მისცა ის, რისი მიცემაც ვერც ოჯახის წევრებმა შევძელით და მით უფრო, ვერც სახელმწიფომ - ცხოვრების აზრი და მიზანი.

სკოლამ ვერა, მაგრამ იუვენტუსმა, ლივერპულმა, რეალმა, ლილიმ და სხვებმა შეძლეს მისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი ესწავლებინათ. სკოლამ ვერა, მაგრამ მესიმ, ინიესტამ, ფერგიუსონმა და სხვებმა შეძლეს, მისთვის კითხვა შეეყვარებინათ. სკოლამ ვერა, მაგრამ ფეხბურთმა შეძლო მისთვის საინტერესო სამყაროს შექმნა.

ასე რომ, მილანისა და ინტერის გულშემატკივრებო, როცა თქვენი გუნდები ჩვენს იუვესთან დამარცხდებიან, გაიხსენეთ, რომ ამ ანგარიშით ერთი ძალიან კარგი ბიჭი ძალიან, ძალიან ბედნიერია და ჩვენგან განსხვავებით, მას ბედნიერებისთვის მხოლოდ ეს მიზეზი აქვს.

სხვებს კი გთხოვთ, თუკი მეტროში, ქუჩაში, მთაში თუ ბარში წაქცეულ და კრუნჩხვებში მყოფ ადამიანს დაინახავთ, ნურც კბილებს ჩაუმტვრევთ და ნურც შავ ნაჭერს გადააფარებთ, რა!

მართალია, ეს სანახაობა საკმაოდ დრამატულია, მაგრამ არ ამოდის ჩემი ძმისგან ეშმაკი, დედას გეფიცებით!

მაქსიმუმ, დელ პიერო ამოვიდეს და იმასაც ნუ გააქცევთ, რა იცით, რაში დასჭირდეს ჩვენს ნაკრებს?!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG