Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განაცხადების მიღებას იწყებს


ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლო.
ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, ახალი წევრი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა განამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 7 ივლისამდე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ათონელის ქუჩა N25) ან, გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@president.gov.ge.

4 ივლისს უფლებამოსილების ვადა ეწურება თამაზ ცაბუტაშვილს, რომელიც 2011 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისაგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG