Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელმა აღწერა, როგორ აპირებს ევროკავშირი რუსეთთან ურიერთოების წარმოებას


ჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი

ევროპის კავშირი რუსეთთან მიმართებით ერთ ფრონტად გამოვა და დაიცავს საკუთარ პოზიციებს მნიშვნელოვან საკითხებში, მაგრამ ამავე დროს მთლიანად არ გაწყვეტს მოსკოვთან ურთიერთობებს. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი წერს სტატიაში „როგორ ვაწარმოოთ რუსეთთან ურთიერთობები?“, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა.

ბორელი აჯამებს ახლახან ევროკავშირის სამიტზე რუსეთთან ურთიერთობების შესახებ დისკუსიას. „ყველა შემთხვევაში რუსეთი ჩვენი უდიდესი მეზობელია. ის არსად გაქრება და მასში უახლოეს მომავალში ძნელი წარმოსადგენია პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც მისი ქცევის შეცვლას გამოიწვევდა. ევროკავშირმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს და აწარმოოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მიგვიყვანდა ერთგვარი თანაარსებობის ფორმამდე - ჩვენი ინტერესებისა და ღირებულებების დაცვით და, ამავე დროს, ესკალაციის განვითარებისთვის თავის აცილებით“, წერს ევროკავშირს საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი.

ბორელი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები სწრაფად გაუარესდა, რუსეთი კი ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით შეგნებულად ემიჯნება ევროპას.

ბორელის სიტყვებით, რუსეთისადმი ევროკავშირის მიდგომა კომპლექსური უნდა იყოს. კავშირი წინ უნდა აღუდგეს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებს, მათ შორის, მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი ასევე წინ უნდა აღუდგეს მოსკოვის მცდელობებს, ერთმანეთს გადაჰკიდოს თავად ევროპის ქვეყნები, ასევე უნდა ებრძოლოს კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციასა და კორუფციას. ასევე აუცილებელია რუსეთის მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის გამტკიცება და რეფორმებში მათი დახმარება. მაგრამ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობა საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხში, მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ლიბია, ავღანეთი, სირია, მთიანი ყარაბაღი, ირანი, ასევე პანდემიისა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა.

გარდა ამისა, ბორელის თქმით, ევროკავშირს კონფლიქტი რუსეთის მოქალაქეებთან კი არა აქვს, არამედ მხოლოდ მათი ლიდერების პოლიტიკასთან. ამიტომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერი გამოდის წინადადებით, განვითარდეს კონტაქტი ადამიანებთან, კერძოდ, გაადვილდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ახალგაზრდებისთვის და მეცნიერთათვის.

ბორელი პირდაპირ არ უჭერს მხარს და არც უარყოფს საფრანგეთისა და გერმანიის იდეას, სამიტი ჩატარდეს რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგის წარმოება და ეს არ ნიშნავს მოსკოვის მიმართ დათმობას.

ბორელმა ასევე დაწერა, რომ, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მოამზადებს წინადადებებს ახალი სანქციების შესახებ, რომლებიც შეიძლება დაუწესდეს რუსეთს იმ შემთხვევაში, თუკი ის გააგრძელებს აგრესიულ მოქმედებებს. ის ასევე გამოვიდა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სხვადასხვა ვარიანტის წინადადებით.

საფრანგეთისა და გერმანიის წინადადებას პუტინთან ერთად სამიტის გამართვის თაობაზე ევროკავშირის ლიდერების მხოლოდ ნახევარმა დაუჭირა მხარი, ამიტომ გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ევროკავშირის ლიდერებმა ბორელს დაავალეს, შეიმუშაოს რუსეთთან ურთიერთობების კომპლექსური გეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG