Accessibility links

site logo site logo

ნიდერლანდის სამეფო რუსეთს ბრალს სდებს შავ ზღვაში სახიფათო სიტუაციის შექმნაში


ნიდერლანდის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთი დაადანაშაულა შავ ზღვაში, ნიდერლანდის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემისთვის საფრთხის შექმნაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივნისს, ნიდერლანდის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემ Evertsen-ს, რომელიც შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში იმყოფებოდა, სახიფათო მანძილზე მიუახლოვდნენ რუსული ავიაგამანადგურებლები და გემზე შეტევის იმიტაცია მოაწყვეს.

ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრ ანკ ბეილეველდის განცხადებით, Evertsen-ს შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში ყოფნის სრული უფლება ჰქონდა და არანაირი გამართლება არ აქვს რუსეთის უპასუხისმგებლო და აგრესიულ ქმედებას, რომელიც ინციდენტების ალბათობას ზრდის. 24 ივნისს მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციის 5 დღის შემდეგ გავრცელებას ნიდერლანდის თავდაცვის სამინისტრო იმით ხსნის, რომ ამ ხნის განმავლობაში მოკვლევა მიმდინარეობდა.

საპასუხოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ავიაგამანადგურებლები მას შემდეგ გაგზავნეს, რაც Evertsen-მა კურსი შეცვალა და მიუახლოვდა ქერჩის სრუტეს, რომელსაც რუსეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ავიაგამანადგურებლები გემს უსაფრთხო მანძილზე მიუახლოვდნენ.

23 ივნისს, შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის ნაღმოსანი გემი HMS Defender-ი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გემს, რომელიც რუსეთის ტერიტორიულ წყლებში იყო შესული, საპატრულო ხომალდმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხნა, ავიაგამანადგურებელმა კი ბრიტანული ნაღმოსნის გზაზე ბომბები ჩამოაგდო. ეს ინფორმაცია უარყო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა კი განაცხადა, რომ HMS Defender-ი საზღვაო ნავიგაციის საერთაშორისო წესებით მოქმედებდა. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და მისი აკვატორია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ უკრაინის ტერიტორიადაა აღიარებული.

უკრაინის შემდეგ ბრიტანული სამხედრო HMS Defender-ი საქართველოს, ბათუმს ეწვია, დღეს კი დაბრუნდება უკრაინის აკვატორიაში და ჩაერთვება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში Sea Breeze 2021, რომელიც 28 ივნისს დაიწყო.

ბრიტანული ნაღმოსანი HMS Defender-ი ბათუმის პორტში. 2021 წლის 26 ივნისი.
ბრიტანული ნაღმოსანი HMS Defender-ი ბათუმის პორტში. 2021 წლის 26 ივნისი.

Sea Breeze 2021-ის ორგანიზატორები არიან აშშ-ის მეექვსე ფლოტი და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები. წვრთნაში, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება, მონაწილეობს ნატოს წევრი და პარტნიორი 32 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. სწავლება Sea Breeze უკვე ოცი წელია ტარდება, თუმცა, ამდენი მონაწილე მას არასდროს ჰყოლია. სწავლებაში ჩართულია 5 000 სამხედრო, 32 გემი, 40 საფრენი აპარატი და სპეცდანიშნულების და მყვინთავების 18 რაზმი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG