Accessibility links

site logo site logo

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა 


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი და ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ იენს სტოლტენბერგს ნატოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე, მაქსიმალური პროგრესის მისაღწევად, საქართველო მტკიცედ განაგრძობს მასთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმის გამოყენებას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ურთიერთთავსებად ძალად ჩამოყალიბების კუთხით.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მზადყოფნა საერთო უსაფრთხოების მიზნების მიმართ. მან იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაბამისად აისახება ნატო-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკურ პროგრესზე. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა და ქართულ მხარეს ნატოს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ორდღიანი ვიზიტით დღეს ჩავიდა ბრიუსელში. დღესვე იგი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG