Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ხანძრის 50-ზე მეტი კერა აღრიცხეს


მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხანძრის 50-ზე მეტი შემთხვევა იყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა განპირობებულია ადამიანების დაუდევრობითა და უპასუხისმგებლობით - აღნიშნულია დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.

ოსური მედიის ცნობით, ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო ჯგუფებმა ივნისში 50-ზე მეტი ხანძარი ჩააქრეს, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ინალ ზახაროვმა განმარტა, რომ ამ ხანძრების დაახლოებით 90 პროცენტი გამოწვეულია ადამიანების დაუდევრობით და უპასუხისმგებლობით.

„ხალხი დაუდევარია, ისინი ბალახს ცეცხლს უკიდებენ და არ აქრობენ, შემდეგ ცეცხლი ვრცელდება და დიდ ტერიტორიას მოიცავს, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა ზახაროვმა. მისივე თქმით, სახანძროს თანამშრომლები რთულ რელიეფზე და ძნელად მისასვლელ ადგილებში ფეხით მიდიან და ცეცხლის ჩასაქრობად სპეციალურ აღჭურვილობას იყენებენ.

„მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომ იყვნენ უფრო ფრთხილად და პასუხისმგებლობით, არ დაწვან ხმელი ბალახი და ბუჩქები”, - აღნიშნა ზახაროვმა. მან განმარტა, რომ თუ ხანძრის გაჩენაში დამნაშავე გამოვლინდა, საქმე სასამართლოში იგზავნება, სადაც სასჯელის ზომას არჩევენ.

ოკუპირებულ რეგიონში ძლიერი ხანძრის ბოლო შემთხვევა 28 ივნისს დაფიქსირდა ცხინვალთან ახლოს ბუჩქები და ტყის ნაწილი იწვოდა. ხანძრის კერასთან სპეციალური ტექნიკით მისვლა კი შეუძლებელი იყო. ამიტომ მეხანძრე მაშველები კიბის გამოყენებით ჯერ კლდეზე ავიდნენ და შემდეგ ფეხით გააგრძელეს გზას ხანძრის კერისკენ. ისინი ხანძარს ორი დღის განმავლობაში ებრძოდნენ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG