Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისელ გულშემატკივრებს რომის სტადიონზე უკრაინასთან მატჩის ბილეთები დაუბლოკეს


უეფა-მ ინგლისელ გულშემატკივრებს დაუბლოკა ევროპის ჩემპონატის მეოთხედფინალის მატჩზე დასასწრებად შეძენილი ბილეთები. 3 ივლისს, რომის სტადიონზე ერთმანეთს ინგლისის და უკრაინის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.

დიდ ბრიტანეთში რთული ეპიდსიტუაციის და კორონავირუსის „დელტა“ შტამის მასობრივად გავრცელების გამო, გაერთიანებული სამეფოდან იტალიაში ჩასული პირებისთვის 5-დღიანი კარანტინი მოქმედებს. იტალიის შსს-ს ინფორმაციით, უეფა-ს მიმართეს, აღეკვეთა კარანტინის წესების დარღვევით რომში ინგლისელი გულშემატკივრების ჩასვლა. ინგლისი-უკრაინის მატჩის ბილეთების გაყიდვა შეწყდა მათთვისაც, ვინ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა.

რომის სტადიონზე 3 ივლისს დანიშნულ მატჩს ვერც უკრაინიდან ჩასული გულშემატკივრები დაესწრებიან, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო, უკრაინა რჩება ჩამონათვალში იმ ქვეყნებისა, რომლებსაც იტალია დროებით უკრძალავს მის ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შესვლას.

1 ივლისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ხანგრძლივი კლების შემდეგ, გასულ კვირაში ევროპაში 10%-ით გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი. ორგანიზაციის ექსპერტები ძირითად მიზეზებად ასახელებენ უფრო გადამდები შტამების გავრცელებას, ვაქცინაციის არასაკმარის ტემპს და ბევრი შეზღუდვის მოხსნას. ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დასახელდა ევროპის ჩემპიონატიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG