Accessibility links

site logo site logo

ჯეიმს აპატურაი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს


თბილისში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის შეხვედრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს და ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას.

დავით ზალკალიანმა ჯეიმს აპატურაის უწოდა საქართველოს დიდი მეგობარი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი ყოფილიყო. საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება:

„პირველ რიგში, უაღრესად პოზიტიურად შეფასდა ბოლო სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო აუცილებლდ გახდება ნატოს წევრი და, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გასაწევრიანებლად“.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო უკვე აქტიურად ემზადება ნატოს მომავალი წლის სამიტისთვის და მიიჩნევს, რომ ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა აისახოს პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და იქიდან მომდინარე საფრთხეებზე, მათ შორის, უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე. განხილული იყო რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც

შეხვედრის შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს წლევანდელ სამიტზე აღიარეს, თუ რამდენად შორს წავიდა საქართველო რეფორმების გატარებისა და ნატოსთან დაახლოების კუთხით და წინა სამიტის დეკლარაციასთან შედარებით, შემაჯამებელი დოკუმენტი გახდა უფრო მკაფიო, დეტალებზე ორიენტირებული და ხდება გამოწვევების, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სირთულეების მეტად აღიარება.

აპატურაის თანახმად, ნატო სათანადოდ აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონშიც, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადაჭრის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას:

„გარდა ამისა, ჩვენთვის აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ვიცით, რომ ეს სიტუაცია რუსეთის გამო უარესდება. ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ინფორმაციის გაცვლას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით".

ჯეიმს აპატურაის განცხადებითვე, ნატო გააგრძელებს საქართველოს დახმარებას რეფორმების განხორციელებისა და ალიანსთან დაახლოების მიმართულებით. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, აშკარაა, რომ საქართველომ საგრძნობლად წაიწია წინ ნატოში ინტეგრაციის გზაზე: „ბედნიერი შევხდები საქართველოს, როდესაც ის გაივლის ღია კარის გზას“.

ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით ბოლო ვიზიტით საქართველოს 30 ივნისს ეწვია, ოფიციალური შეხვედრები კი დღეს, 2 ივლისს დაიწყო.

ჯეიმს აპატურაი შეხვდა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესაც. მათ განიხილეს ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა, „არსებითი პაკეტის" განხორციელება, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში ნატოს აქტიური ჩართულობა და საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG