Accessibility links

site logo site logo

ლიეტუვა იუწყება საზღვარზე ბელარუსიდან გადასული კიდევ 116 მიგრანტის დაკავებაზე


ლიეტუვის მესვეურები იუწყებიან, რომ დააკავეს საზღვარზე ბელარუსიდან გადასული კიდევ 116 მიგრანტი. ლიეტუვა თვლის, რომ მინსკი განზრახ მიმართავს მიგრანტთა მოზღვავების ორგანიზებას, როგორც სამაგიეროს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე.

ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური 3 ივლისს იუწყება, რომ მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს მიგრანტთა ერთ-ერთი ჯგუფის დაკავებისას.

ახალი მონაცემით, ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებული მიგრანტების რაოდენობა 179-ს უტოლდება, - აცხადებს სამსახური. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს დაკავებულია ბელარუსიდან გადასული 938 პირი - რაც 12-ჯერ აჭარბებს მთელი შარშანდელი წლის მონაცემს.

ვილნიუსი მიიჩნევს, რომ მიგრანტები, რომელთა უმრავლესობა ერაყელია, ლიეტუვის საზღვართან მიჰყავთ და შემდეგ ბელარუსი მესაზღვრეები თვალს ხუჭავენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მათ გადასვლაზე.

ლიეტუვა ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკასი, ბელარუსში შარშან აგვისტოში ჩატარებული, კამათის საგნად ქცეული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. კენჭისყრაზე 66 წლის ლუკაშენკა კიდევ ერთხელ გამოცხადდა გამარჯვებულად, რასაც უპრეცედენტო საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, კენჭისყრის შედეგს არ ცნობს დასავლეთი. ლიეტუვამ თავშესაფარი შესთავაზა სვიატლანა ციხანოუსკაიას, რომელიც, მისი მხარდამჭერების თქმით, არჩევნების რეალური გამარჯვებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG