Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბების შეტევის შედეგად ტაჯიკეთში გაიქცა ავღანეთის სამთავრობო ჯარების ასობით მეომარი


ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში თალიბების შეტევის შედეგად შაბათ-კვირას ტაჯიკეთში გაიქცა ავღანეთის სამთავრობო ჯარების ასობით მეომარი. გარდა ამისა, რადიკალმა ისლამისტებმა ხელში ჩაიგდეს ახალი ტერიტორიები.

ტაჯიკეთის მესაზღვრეთა ცნობით, წუხელ საზღვარი გადაკვეთა ავღანეთის 1037-მა ჯარისკაცმა, კიდევ 94 კვირას დღისით გამოიქცა ავღანეთიდან. ამავე დროს დუშანბეში აცხადებენ, რომ 20 ივნისის შემდეგ ტაჯიკეთს თავი შეაფარა ავღანეთის 1600-მა სამხედრო მოსამსახურემ. როგორც ეროვნული უშიშროების კომიტეტი აღნიშნავს, ჰუმანურობისა და კეთილმეზობლობის პრინციპის შესაბამისად მათ ნება მისცეს, დარჩენილიყვნენ.

თალიბების მიერ უკანასკნელ ხანებში ხელში ჩაგდებული ტერიტორიების უდიდესი ნაწილი პროვინცია ბადახშანში მდებარეობს. სამ დღეში იქ 27 რაიონიდან 16 გადავიდა ისლამისტების კონტროლქვეშ. როგორც აღნიშნავენ, თალიბების რიცხობრივი უპირატესობისა და ცუდი მომარაგების გამო ადგილობრივი ძალები ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად წინააღმდეგობის გაუწევლად იხევდნენ უკან. ასევე იტყობინებიან არმიის რიგებში დაბალი საბრძოლო მორალის შესახებ.

რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის თანახმად, თალიბებმა ალყაში მოაქციეს ბადახშანის დედაქალაქი ფაიზაბადი. იქ საფრთხე შეექმნა რეგიონული აეროპორტის ფუნქციონირებას. ადგილობრივი სახელმწიფო მოხელეები ირწმუნებიან, რომ თალიბები ვერ მოახერხებენ ქალაქში შეღწევას. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ივლისს განაცხადა, რომ თალიბების წარმატებები დროებითია. თუმცა ჯერჯერობით არ არის ნათელი, როგორ აპირებს მთვარობა ისლამისტების მიერ დაკავებული დასახლებული პუნქტების კვლავ დაბრუნებას.

თალიბანმა სწრაფი იერიში დაიწყო და ამჟამად ავღანეთის 421 რაიონის თითქმის მესამედს აკონტროლებს მას შემდეგ, რაც აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ 11 სექტემბრისთვის ქვეყნიდან აშშ-ის ყველა სამხედრო იქნება გაყვანილი. სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ შიშს, რომ ქაბულის მთავრობამ, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, შეიძლება კრახი განიცადოს. 2 ივლისს ბაგრამის აეროდრომი დატოვა საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის მთელმა შემადგენლობამ. ობიექტი ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზად ითვლებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG