Accessibility links

site logo site logo

5 ივლისს ძალადობის გამო დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა


5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილე ნიკოლოზ ვეშაგურს, რომელიც მრგვალ ბაღთან "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

5-დღიანი პატიმრობის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო, რომელმაც ნიკოლოზ ვეშაგური სამართალდამრღვევად ცნო. თავად დაკავებული სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ის ადგილზე სიტუაციის გასანეიტრალებლად და თანამოაზრეების დასამშვიდებლად იყო, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ და პატიმრობის ნაცვლად ჯარიმას ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების ფორმად.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს როგორც ოფისების დარბევის, ასე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ამ დრომდე დაკავებულია ჯამში 11 პირი, რომელთაგან 8-ს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება, 3-ს კი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG