Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ გაამტყუნა რუსეთი, რომელმაც ტრანსგენდერს შვილებთან ურთიერთობა აუკრძალა


ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია მოსკოველი ტრანსგენდერი ქალის უფლებები, რომელსაც განქორწინების შემდეგ აუკრძალეს ბავშვებთან ურთიერთობა.

ტრანსგენდერულ ცვლილებამდე ის მამაკაცი იყო, ჰყავდა ცოლი და ორი შვილი. განქორწინების შემდეგ მან ოპერაცია გაიკეთა სქესის შესაცვლელად და, დოკუმენტების მიხედვით, ქალი გახდა. ყოფილმა ცოლმა გადაწყვიტა, რომ ამან შეიძლება ავნოს მათი საერთო შვილების ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. სასამართლომ მხარი დაუჭირა ცოლის პოზიციას და მოსკოველ ტრანსგენდერს მშობლის უფლებები შეუზღუდა.

მან მიმართა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს და რუსეთის უზენაეს სასამართლოს, მაგრამ ორივე შემთხვევაში აპელაცია უკუგდებულ იქნა. ამის შემდეგ, 2019 წლის სექტემბერში, მან ევროსასამართლოში შეიტანა სარჩელი.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ) მუხლები.

ევროპარლამენტის დასკვნით, რუსეთის სასამართლოებმა ვერ დაამტკიცეს ვერავითარი პოტენციური ზიანი, რაც ბავშვებს შეიძლება მოუტანოს მათი ბიოლოგიური მამის მიერ სქესის შეცვლამ და არ გაითვალისწინეს ამ ოჯახის ცხოვრების განსაკუთრებული გარემოებები. ევროსასამართლოს აზრით, რუსეთის სასამართლოების გადაწყვეტილება წინასწარგანწყობაზე იყო დამყარებული განმცხადებელის გენდერული იდენტობის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG