Accessibility links

site logo site logo

შსს რუსთაველზე დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველზე დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მათ მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს:

„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა "მდუმარე აქცია", რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი“.

შსს არსებული რისკების გათვალისწინებით, მოუწოდებს მედიასაც, რათა ითანამშროლონ სამართალდამცავებთან და გაითვალისწინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებები და რეკომენდაციები:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფლებისათვის“ - ამ გზავნილით 6 ივლისს, 20 საათზე, რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი რამდენიმე ოპოზიციური პარტია და მოძრაობა „სირცხვილიაა“. მდუმარე აქციას შეუერთდება "თბილისი პრაიდიც". განცხადება ამის შესახებ მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთთან მობილიზებულები არიან ძალადობრივი ჯგუფების წევრები. სამართალდამცავები მათ პარლამენტთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

5 ივლისს მოძალადე, აგრესიული ჯგუფები „ღირსების მარშის“ კონტრაქციაზე დილიდანვე შეიკრიბნენ. მათ აშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, ჩამოადგეს ევროკავშირის დროშა, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ცდილობდნენ „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრასაც. მთელი დღის განმავლობაში ისინი თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა. მოგვიანებით „ღირსების მარში“ ორგანიზატორებმა გააუქმეს. მათ კონტრაქციებსა და სიძულვილის ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი უწოდეს.

რუსთაველის გამზირზე, გუშინ აგრესიული ჯგუფები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც 53 ჟურნალისტი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG