Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას იძიებს შსს 5 ივლისის საქმეზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 ივლისს


არ დაგიცვეს თუ ვერ? - კიდევ რას ეკითხებოდნენ დაშავებულ ჟურნალისტებს გამოკითხვაზე?

„ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ძალადობრივი აქციების გაშუქებისას დაშავებული მედიის წარმომადგენლები ( სულ 53 ადამიანი) ამბობენ, რომ 5 ივლისს მათ უსაფრთხოებას თბილისის ცენტრში თვალშისაცემად მცირე რაოდენობის სამართალდამცველი იცავდა.

დაშავებული ჟურნალისტები ახლა გამოძიების კითხვებს პასუხობენ. გამოკითხვაზე უკვე იყვნენ რადიო თავისუფლების ჟურნალისტები დათო ქორიძე და თორნიკე მანდარია. მათი შემთხვევა სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ თავდასხმა არა აქციის გაშუქებისას არამედ გაეროს ოფისიდან გამოსვლის დროს მოხდა.

თორნიკე მანდარია იხსენებს, რომ მასზე და დათო ქორიძეზე ძალადობის ნაწილში, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ის, რომ პოლიცია მათგან დაახლოებით 15-20 მეტრში იდგა. მაგრამ ჟურნალისტების ბოლო ხმაზე ყვირილის, დახმარების თხოვნის მიუხედავად, ადგილიდან არავინ განძრეულა.

მას მერეც, როცა სახედასისხლიანებულმა თორნიკე მანდარიამ მათთან მიირბინა და დახმარება სთხოვა, არაფერი შეცვლილა: „ცარიელი სახეებით მიყურებდნენ, გაყინულები, თითქოს კედელს ველაპარაკებოდი“, - ამბობს ის. თორნიკემ იგივე გაუმეორა გამოძიებასაც გამოკითხვაზე, თუმცა, როცა მისი ჩვენება ფურცელზე წაიკითხა, მასში არ იყო შეტანილი ჩვენების ნაწილი - პოლიციის უმოქმედობაზე არაფერი ეწერა.

ჟურნალისტს უცნაურად მოეჩვენა გამოძიების შეკითხვებიც - ვერ დაგეხმარათ თუ არ დაგეხმარათ პოლიცია? იქნებ თქვენი ძახილი ვერ გაიგონეს? ნამდვილად 20 მეტრში იდგნენ? ხომ არ ჯობს დავწეროთ, რომ უფრო მოშორებით იდგნენ?

რა კითხვებს სვამს გამოძიება და რას ჰყვებიან გამოკითხვის შემდეგ დაშავებული ჟურნალისტები? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

5 ივლისი - როგორ დაირღვა კონსტიტუცია, რას იძიებს შსს და რა რჩება გამოუძიებელი

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ქუჩაში გამოსვლამ საქართველოს კონსტიტუციით დაცული ოთხი უფლება შელახა. იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსის რვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიც. ასევე იყო ადმინისტრაციული გადაცდომები.

შსს გამოძიებას ატარებს:

  • ჟურნალისტებისთვის და მოქალაქეებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ძალადობის (126-ე) მუხლით;
  • ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლისთვის (მუხლი 154);
  • ძალადობის დროს სხვა პირების საკუთრების დაზიანებისთვის (მუხლი 187).

ამ სამი მუხლით მაქსიმუმ 2 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

სისხლის სამართლის მუხლები, რომლის დანაშაულის ნიშნებსაც არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური თანასწორობის ცენტრში ხედავენ, გამოძიება არ დაწყებულა.

"[პოლიტიკური ნების გაგრძელება შეიძლება იყოს, რომ გამოძიება არ დაიწყო ამ მუხლებით]. 20 ივნისის შემთხვევაში გვახსოვს, რომ მძიმე მუხლებით დაიწყო გამოძიება, ახლა შედარებით მსუბუქი მუხლებით იძიებს შსს", - ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი.

იმის გამო, რომ კონტრაქციაზე სასულიერო პირი შეკრებილ მოქალაქეებს პირდაპირ მოუწოდებდა ძალადობისკენ, იურისტი ფიქრობს, რომ ამ მოწოდების გამო გამოძიების “ძალადობის მოწოდების” (239 პრიმა) მუხლით დაწყების მოტივი არსებობს.

კიდევ რა მუხლები დაირღვა ძალადობრივ აქციაზე და რას იძიებენ? წაიკითხე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

ეს იყო უუნარობის გამოხატულება - გიორგი გახარია 5 ივლისის აქციაზე

"ეს იყო უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როდესაც სახელმწიფომ ვერ დაიცვა ვერც კონსტიტუცია, ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, ტურისტები. ეს წარმოუდგენელი იყო, ეს იყო გამოხატულება უუნარობის", - ეს კომენტარი გიორგი გახარიამ ზუგდიდში გააკეთა, სადაც პარტიის "საქართველოსთვის" ოფისი გახსნა. მან ჟურნალისტებთან საუბარში შეაფასა 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, გაურკვეველი და „არაკომპეტენტურობის პიკი“ იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისეთი განცხადებები, სადაც ამბობდნენ, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ „თბილისი პრაიდის“ წევრებს.

გახარიამ საპატრიარქოს პოზიციაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, საპატრიარქოს არასდროს მოეწონება „პრაიდი“ თუმცა ამის გამო ძალადობა არ უნდა მოხდეს. „უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ“, - დაამატა ექსპრემიერმა.

„ქართული ეკლესია ვნახეთ, პირველ რიგში, რით დაზიანდა, ამ ფიზიკური ძალადობით, პირველ რიგში, ქართული ეკლესია, საზოგადოება, სახელმწიფო, პოლიცია დაზიანდა. შეუძლებელია ფიზიკური ძალადობით პოზიტიური შედეგის მიღწევა. ყველაზე მეტად ეს ესმის ქართულ ეკლესიას და პატრიარქს“, - თქვა გიორგი გახარიამ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პარლამენტში გრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის საკომიტეტო მოსმენა

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენენ, ქეთევან მესხიშვილს და რევაზ ნადარაიას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენის პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია და სახალხო დამცველი. მოსმენები 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმებას. ისინი მმართველ პარტიას შეახსენებენ, რომ შეთანხმების თანახმად ახალი კანონმდებლობის დამტკიცებამდე, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერდეს.

მნიშვნელოვანი აქცენტები წინა ორი კანდიდატის მოსმენიდან წაიკითხე აქ.

6 ივლისის აქციაზე დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილი თავისუფალია

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თავისუფალია. ის 6 ივლისს პარლამენტთან გამართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი 23 ივლისამდე გადაიდო. საქმის არსებითი განხილვის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, საქმის მასალების გაცნობისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ცივი იარაღის ტარებას ედავებიან. როგორც მისმა ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმის მასალები მათ ამ დრომდე არ მიუღიათ. ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილი მშვიდობიანი აქციის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავა, როდესაც მას ჯებირს მიღმა მყოფი აგრესიული ადამიანები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ჯებირების გარღვევას ცდილობდნენ. მარიამ პატარიძის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს თავდაპირველად ეგონა, რომ პოლიცია მისი ამ ადამიანებისგან გარიდებას ცდილობდა.

წაიკითხე მეტი.

ევროპარლამენტარები თბილისში განხორციელებულ ძალადობას გმობენ

სამი ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი, „თბილისი პრაიდის“ ფარგელბში დაგეგმილი ღირსების მარშის დღეს, 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტებს გმობენ, ამის შესახებ აღნიშნულია 6 ივლისს მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სხვა მოქალაქეების მსგავსად, ლგბტქი+ პირებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა.

საქართველოს ხელისუფლებას 2024 წელს ევროკავშირში წევრობის თაობაზე ოფიციალური განაცხადი აქვს შეტანილი. შევახსენებთ მათ, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებით დადგენილი ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს, ქვეყანაში იმ ინსტიტუტების სტაბილურობას, რომელიც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისგან მოველით ხსენებული თავდასხმების ჩამდენების დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - ნათქვამია 6 ივლისს ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

WHO: COVID-19-ის ლამბდა ვარიანტი სიფრთხილეს მოითხოვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაასახელა კორონავირუსის კიდევ ერთი მუტაცია, რომელიც სიფრთხილეს მოითხოვს: COVID-19-ის ლამბდა ვარიანტი.

ეს ვარიანტი ოცზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ძირითადად სამხრეთ ამერიკაშია კონცენტრირებული. პირველად ის შარშან აღმოაჩინეს პერუში, სადაც უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში COVID-19-ით დაავადების გამოვლენილი ახალი შემთხვევების 82% ლამბდა ვარიანტზე მოდის. ჩილეში ეს მაჩვენებელი დაახლოებით ნახევარს აღემატება, ლამბდა ვარიანტი მცირე რაოდენობით აღირიცხება დიდ ბრიტანეთშიც.

ლამბდა ვარიანტმა ადრეც მიიპყრო WHO-ს ყურადღება. ორგანიზაციამ ივნისის შუა რიცხვებში დაადგინა, რომ ის განეკუთვნება იმ ვარიანტებს, რომლებიც მეტ ყურადღებას იმსახურებს.

წაიკითხე მეტი.

"ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით" - გზა რუსული ორბიტისკენ?

6 ივლისს, მას შემდეგ, რაც "თავისუფლებისთვის" ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინა ტერიტორია დატოვეს, ეს სივრცე სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს და ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთეს, ჩამოხსნეს და ნაკუწებად აქციეს პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა.

„დაწვი, დაწვი, ცეცხლი წაუკიდე!“ – კარგად ისმის მათი ხმები ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალებში. მოძალადე რადიკალურმა ჯგუფებმა, პარლამენტის შენობის წინ, ევროკავშირის დროშა ბოლო ორ დღეში ორჯერ ჩამოგლიჯეს.

ეს უპრეცედენტო ფაქტი სახიფათო სიგნალია მათთვის, ვისაც ევროკავშირის დროშა მხოლოდ ნაჭრის ნივთი არ ჰგონია. საქართველოს პროდასავლური კურსის სიმბოლოსთან, ევროკავშირის დროშასთან ანგარიშსწორების აქტის უკან რუსეთის ინტერესები და ორგანიზებული კავშირები იკვეთება. საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ მართლმადიდებლობის სახელით ლგბტქ+ თემთან ბრძოლა მხოლოდ საბაბია.

რისკენ ისწრაფვიან სიძულვილის ჯგუფები? ვინ და რატომ ებრძვის ევროკავშირს? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

6 ივლისს თბილისში, პარლამენტთან გაიმართა მდუმარე აქცია „თავისუფლებისათვის“, რომელშიც მონაწილეობდნენ "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებიც. პარალელურად კონტრაქციაზე შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG