Accessibility links

site logo site logo

პროკურატურამ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ  მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 5 პირს წარუდგინა


საქართველოს პროკურატურამ 5 და 6 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ბრალი კიდევ 5 პირს წარუდგინა. მათგან ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 4 პირს, ხოლო ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე 1 პირს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტებისთვის ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში არიან ბრალდებულები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 და 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით გასამართი აქციის პარალელურად, მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მიერ არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის თანახმად, 5 და 6 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 8 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG