Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ანგარიშით, სეპარატისტების კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში სისტემატურად ხდება პატიმრების წამება


წინასწარი პატიმრობის იზოლატორი ოკუპირებულ დონეცკში
წინასწარი პატიმრობის იზოლატორი ოკუპირებულ დონეცკში

გაეროს თანახმად, პრორუსული ჰიბრიდული ძალების მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში პატიმართა მიმართ სასტიკ მოპყრობას და წამებას თითქმის ყოველდღიურად აქვს ადგილი.

გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ნადა ალ-ნაშიფმა 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, წამების ყველაზე გახმაურებულ ადგილად დაასახელა დონეცკში მდებარე ციხე „იზოლაცია“ და აღნიშნა, რომ იქ და სხვა ციხეებში, კონფლიქტის დაწყებიდან, სულ მცირე 4000 დაკავებული იქნა ნაწამები. ასეთივე აღმაშფოთებელი ფაქტები გამოვლინდა იმ ციხეებში, რომლებსაც კონფლიქტის ზონაში უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ანგარიშით მსხვერპლის რაოდენობა ათასებს აღწევს, პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის მხოლოდ 10 პირს დაეკისრა“, - განაცხადა ნაშიფმა.

გაეროს ანგარიშის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტის პირველ ეტაპზე პატიმართა წამება და დამცირება უფრო ხშირად ხდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიწყო კლება, განსაკუთრებით უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად რაიონებში.

შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლის ზაფხულში დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ორივე მხრიდან 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სეპარატისტების ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაში. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დონბასში მხოლოდ რუსი „მოხალისეები“ იმყოფებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG