Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი მოითხოვს ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელები პასუხისგებაში მისცენ


საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს საგამოძიებო ორგანოებმა უმოკლეს ვადაში გამოავლინონ ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები და დაიწყონ მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. სახალხო დამცველი გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესაძლო ნიშნები იკვეთება.

"ძალადობრივი მოვლენების მასშტაბურობა, ქმედებების ინტენსიურობა და სიმძიმე, ძალადობის ჯგუფური ხასიათი, კონკრეტული პირების მოწოდებები, დაზარალებულ მოქალაქეთა და მოძალადე პირთა რაოდენობა, ცალსახად მიუთითებს, რომ სახეზეა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესაძლო ნიშნები. შესაბამისად, გამოძიება სხვა მუხლებთან ერთად, უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება და სხვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ომბუდსმენი რამდენიმე პუნქტად აყალიბებს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკვირვებას:

  • "ძალადობისთვის ცალკეული პირების დაკავების შესახებ ცნობების გარდა, საზოგადოებას დღემდე არა აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ხედავს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო განვითარებულ მოვლენებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნიშნებს";
  • "არაფერია ნათქვამი იმაზე, იძიებს თუ არა საგამოძიებო უწყებები ამ ძალადობრივი მოვლენების შესაძლო ორგანიზების მიმართულებას";
  • "ძალადობისკენ არაერთი მოწოდება გაისმა უშუალოდ 5-6 ივლისსაც, მათ შორის, სასულიერო პირების მხრიდან";
  • "მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები წინასწარ იყო განჭვრეტადი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გაატარა ეფექტური პრევენციული ღონისძიებები ძალადობის თავიდან არიდების მიზნით, ხოლო დანაშაულებრივ ფაქტებზე დღემდე არ მოახდინა სრულფასოვანი და ადეკვატური რეაგირება".

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ განაგრძობს 5 და 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების მონიტორინგს, დამატებით დეტალურად გაანალიზებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებებს და საზოგადოებას წარმოუდგენს შეფასების შედეგებს.

5 ივლისს, როცა თბილისში ლგბტ "ღირსების მარში" უნდა გამართულიყო, ცენტრალური ქუჩები სიძულვილის ჯგუფებმა დაიკავეს. მათ იძალადეს არაერთ ადამიანზე, დაშავდა მინიმუმ 55 და მათ შორის 53 ჟურნალისტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG