Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ იკრიბებიან პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილი აქციის მონაწილეები


საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები ამ დროისათვის მედიასაშუალებების მიერ ორგანიზებულ მორიგ საპროტესტო აქციაზე იკრიბებიან. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილია სცენა, სიტყვით გამოსვლები ჯერ არ დაწყებულა. ტერიტორიაზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

საპროტესტო აქციის მოთხოვნები უცვლელია, გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ 5-6 ივლისს დედაქალაქის ქუჩებში მომხდარი ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები.

მედიამენეჯერების ორგანიზებით პირველი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 11 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხონით მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის წინ 12 ივლისსაც შეიკრიბნენ. 13 ივლისს, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს კი პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, TV პირველმა“, „ფორმულამ“ და "კავკასიამ“.

5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორის გარდაცვალების ვერსიად, ექსპერტიზის დასრულებამდე, ნარკოტიკური ნივთიერებების ზედოზირებას ასახელებს.

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას 5-6 ივლისის ძალადობაში მონაწილე დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა ხელი შეუწყო ძალადობრივი ჯგუფების აგრესიულ გამოსვლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG