Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა


ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამით თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურნენ. მთავრობის სახლთან შეკრებილებმა 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

თბილისში მედიამენეჯერების მიერ ორგანიზებული რიგით მესამე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მედიამენეჯერების ორგანიზებით პირველი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 11 ივლისს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და დამნაშავეთა დასჯის მოთხონით მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები პარლამენტის წინ 12 ივლისსაც შეიკრიბნენ. 13 ივლისს, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს კი პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, TV პირველმა“, „ფორმულამ“ და "კავკასიამ“.

5 ივლისს, მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათ შორის 53 ჟურნალისტი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატორის გარდაცვალების ვერსიად, ექსპერტიზის დასრულებამდე, ნარკოტიკური ნივთიერებების ზედოზირებას ასახელებს.

საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას 5-6 ივლისის ძალადობაში მონაწილე დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ და მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებმა ხელი შეუწყო ძალადობრივი ჯგუფების აგრესიულ გამოსვლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG