Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია სივრცეში შეკრებისას პირბადის გამოყენება, სავარაუდოდ, ისევ სავალდებულო გახდება


საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, „რიგი გამკაცრებები იქნება, პირველ რიგში აღსრულებასთან მიმართებაში“. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ:

„მოშვებულია მოსახლეობა. პირბადის ტარება იგივე დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს და დღეს იქნა გადაწყვეტილება, რომ იგივე ღია სივრცეებში დაწესდეს - პირბადესთან მიმართებაში ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების, ან არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება - დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ, შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში პირბადის ხმარებასთან მიმართებაში ღია სივრცეებში, სადაც გარკვეული რაოდენობა ადამიანების შეიკრიბება“.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო შტაბი მალე მიიღებს. მისივე თქმით, შეზღუდვების საკითხში დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველთვის უფრო რადიკალურია და წარდგენილი აქვს რეკომენდაციების მთელი ნუსხა, სადაც მთავარია, ერთი მხრივ, ვაქცინაციის გააქტიურება და მეორე მხრივ, გონივრულობის ფარგლებში გარკვეული შეზღუდვების დაწესება:

"მაგრამ, ამავე დროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება და იქნება ტენდენცია გაუარესების, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ".

საქართველოში 22 ივნისიდან აღარ არის სავალდებულო ღია სივრცეში პირბადის გამოყენება, დახურული სივრცეებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისაგან განსხვავებით. წესის დამრღვევები 20 ლარით ჯარიმდებიან. 24 ივნისს ცნობილი გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომლის თანახმად, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დამრღვევები სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან. მათ შორის პირბადის ტარების წესის დამრღვევები.

გასულ 24 საათში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 2616 შემთხვევა, რაც ამ წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG