Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ვაქცინა "სპუტნიკის" შესაძენად გაფორმებული კონტრაქტის ჩაშლით დაემუქრნენ


არგენტინის მთავრობა რუსეთს ემუქრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის შესაძენად გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტით.

არგენტინის ხელისუფლებამ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს, რომელიც საზღვარგარეთ რუსული ვაქცინების გატანაზეა პასუხისმგებელი, მიწოდების შეფერხების გამო ოფიციალური წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ კონტრაქტს ჩაშლა ემუქრება.

გამოცემა Nacion-ის თანახმად, არგენტინამ ვერ მიიღო რუსეთთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული, 18 მილიონზე მეტი დოზა. მათგან ნახევარზე მეტი არგენტინას სასწრაფოდ სჭირდება მილიონობით მოქალაქის მეორე დოზით ასაცრელად. გამოცემა რუსეთისთვის გაგზავნილ ოფიციალურ სამთავრობო შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს, რომ არგენტინის ხელისუფლება ხანდაზმული მოქალაქეების მეორე დოზით ასაცრელად 10-11 ივლისს ელოდებოდა სულ მცირე მილიონ დოზას, თუმცა, 13 ივლისს მიიღო მხოლოდ ნახევარი.

რუსეთს ვაქცინების წარმოების პრობლემა აქვს. ამასთან, ბოლო დროა აცრაზე მოთხოვნა გაიზარდა თავად რუსეთში, მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და ზოგიერთ სხვა რეგიონში სავალდებულო გახდა სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთა აცრა. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი პრიორიტეტს საკუთარ მოსახლეობას ანიჭებს.

არგენტინა მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თავისი მოქალაქეების „სპუტნიკით“ აცრა გადაწყვიტა და რუსეთისგან ვაქცინების პირველი პარტია დაახლოებით 7 თვის წინ მიიღო. ცოტა ხნის წინ, არგენტინის პრეზიდენტმა გამოსცა ამერიკული წარმოების ვაქცინების შეძენის განკარგულება. 45-მილიონიან არგენტინაში ვაქცინის ორივე დოზით აცრილია დაახლოებით 5.8 მილიონი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG