Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კანონმდებლები მოუწოდებენ IOC-ს, გადადოს და სხვაგან გადაიტანოს პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები უიღურებისადმი მოპყრობის გამო


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეფასების კომისიის ხელმძღვანელი, ალექსანდერ ჟუკოვი ჩინეთში საინსპექციო სამუშაოების დასრულებისას ხელს ართმევს პეკინის მერს და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წარდგენის კომისიის ხელმძღვანელს, ვან ანშუნს. 2015 წლის მარტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეფასების კომისიის ხელმძღვანელი, ალექსანდერ ჟუკოვი ჩინეთში საინსპექციო სამუშაოების დასრულებისას ხელს ართმევს პეკინის მერს და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წარდგენის კომისიის ხელმძღვანელს, ვან ანშუნს. 2015 წლის მარტი

აშშ-ის კანონმდებლების ჯგუფმა მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC), გადადოს 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ღონისძიება სხვაგან გადაიტანოს, თუ ჩინეთი არ დაასრულებს "ადამიანის უფლებების უხეშ და აღმაშფოთებელ დარღვევებს" უიღურებისა და სხვა მაჰმადიანური უმცირესობების მიმართ.

კანონმდებლების მიერ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახისადმი 23 ივლისს მიმართულ წერილში ნათქვამია, რომ ოლიმპიური თამაშები არ უნდა ჩატარდეს იმ ქვეყანაში, რომლის მთავრობაც "ახორციელებს გენოციდს და სჩადის დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ".

კანონმდებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ღონისძიების ჩინეთში ჩატარება უარყოფითად აისახება ოლიმპიურ მოძრაობაზე და რომ პეკინის ოლიმპიადის გადადება და სხვაგან გადატანა სპორტსმენების ინტერესებშიც იქნება.

წერილში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ძალუძს ოლიმპიადის გადადება მოკლე ვადაშიც, და ამის მაგალითად მოჰყავს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გადადება, რომელიც ახლა დაიწყო იაპონიაში.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გასულ წელს გადაიდო, დაწყებამდე ოთხი თვით ადრე, კორონავირუსის პანდემიის გამო.

ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე განაცხადა, რომ ის არ არის "ყოვლისშემძლე მსოფლიო მთავრობა", რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს პოლიტიკური საკითხები ჩინეთში.

წერილს ხელს აწერდნენ სენატორი ჯეფ მერკლი (დემოკრატი - ორეგონის შტატიდან), წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯიმ მაკგავერნი (დემოკრატი - მასაჩუსეტსიდან), სენატორი მარკო რუბიო (რესპუბლიკელი - ფლორიდიდან) და წარმომადგენელთა პალატის წევრი კრის სმიტი (რესპუბლიკელი - ნიუ ჯერსიდან).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG