Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, დაკავებულია 5200


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ 6000-მდე საწოლია მობილიზებული. მინისტრის მოადგილის თქმით, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია - კერძოდ, დაკავებულია 5200 საწოლი, აქედან 216 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი:

„მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელი დაწესებულება რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდით, რადგან ამის საჭიროება იკვეთება რომ იქნება. რაც შეეხება სასტუმროებს, სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება რომ დაემატოს მოკლე ხანში 1500 საწოლი სულ მცირე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი შეფასებით, კოვიდინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, მათ შორის ბავშვებში. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ასეთი ბავშვებისთვის კოვიდსასტუმროებში შესაფერისი გარემო შეიქმნება:

„ბავშვს როცა აქვს მსუბუქი მდგომარეობა მისი ჰოსპიტალიზაცია სერიოზული დისკომფორტის გამომწვევია, როგორც ოჯახისთვის, ასევე ბავშვისთვის. ამდენად ბავშვებისთვისაც შეიქმნება სასტუმროებში შესაფერისი გარემო რომ იქ დაასრულონ თავიანთი მკურნალობის კურსი ექიმის მეთვალყურეობით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50 პროცენტს ვირუსის დელტა შტამი აქვს.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 26 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 375 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1264 შემთხვევა, 1665-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 1572 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 404 339 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 139 756 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG