მონგენეგროს ისტორიაში პირველად ორმა ქალმა პირველი სამოქალაქო კავშირი გააფორმა, ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როცა პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ეს მცირე ბალკანური სახელმწიფო იქცა მსგავსი კავშირების დამშვები კანონის მქონე, ევროკავშირის არაწევრ პირველ ქვეყანად.
ორი ქალი, რომელთა სახელებს არ აკონკრეტებენ, 25 ივლისს დაქორწინდა ადრიატიკის სანაპიროს ქალაქ ქალაქ ბუდვაში - იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები. მათი ცნობით, ორივე ქალი წარმოშობით ბალკანეთის რეგიონიდანაა, მაგრამ ისინი უცხოეთში ცხოვრობენ და მუშაობენ.
სექსუალობის და გენდერული იდენტობის საკითხები კამათის საგნად რჩება მონტენეგროს და მთლიანად რეგიონის საზოგადოებებში, რომლებშიც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ტრადიციულ ქრისტიანულ მართლმადიდებლობას და სოციალურ კონსერვატიზმს. მონტენეგროს პარლამენტში "ერთი და იმავე სქესის პირთა თანაცხოვრების" შესახებ კანონი ერთი წლის წინ მხოლოდ ორი ხმის უპირატესობით დამტკიცდა. პარლამენტმა მთავრობას ვადა 15 ივლისამდე მისცა საიმისოდ, რომ მონტენეგროს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოსულიყო ამ ცვლილებასთან, და მსგავსი კანონიერი კავშირები განხორციელებულიყო.
კანონის მიღებას მხარს უჭერდა ყოფილი მმართველი ძალა, სოციალისტთა დემოკრატიული პარტია. ამჟამინდელი კოალიციური მთავრობის მთავარი ჯგუფი, დემოკრატიული ფრონტი, კანონის მიღების წინააღმდეგი იყო.
დაწერეთ კომენტარი