Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის ცნობით, ბელარუსიდან გაიქცა დისპეტჩერი, რომელმაც Ryanair-ის თვითმფრინავს მინსკში დაშვება აიძულა


ბელარუსი ოჯახთან ერთად დატოვა ავიადისპეტჩერმა ოლეგ გალეგოვმა, რომელმაც 23 მაისს, ბორტზე ბომბის არსებობის ყალბი შეტყობინების საფუძველზე, მინსკის აეროპორტში დაშვება მოსთხოვა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს. ლაინერში, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ოპოზიციონერი ბლოგერი, ტელეგრამ-არხ Nexta-ს დამფუძნებელი რამან პრატასევიჩი იმყოფებოდა. მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ პრატასევიჩი და მისი მეგობარი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავა.

მედიასაშუალებების ინფორმაციით, ავიადისპეტჩერმა ოლეგ გალეგოვმა ბელარუსი ოჯახთან ერთად ივლისის დასაწყისში დატოვა და საკუთარი გეგმების შესახებ კოლეგებისთვის არაფერი უცნობებია.

გამოცემა Наша Ніва-ს ბელარუსის აერონავიგაციის სამსახურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს, რომ გალეგოვი მოულოდნელად გაუჩინარდა, ტელეფონი გათიშა და სოციალურ ქსელებში პირადი გვერდები წაშალა. მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ არ გამორიცხა, რომ ოლეგ გალეგოვი გაემგზავრა საქართველოში, სადაც ნათესავები ჰყავს. აერონავიგაციის სამსახურის ოფიციალური განმარტებით, გალეგოვმა ივნისში შვებულება აიღო და სამსახურიდან მისი წასვლის შესახებ არაფერი იციან.

მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დასმის და რამან პრატასევიჩის და სოფია საპეგას დაკავების შემდეგ, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა მათ ბრალად დასდო მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზება და ხელისუფლებისადმი სოციალური შუღლის გაღვივება. ივნისის დასაწყისში, ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა აჩვენეს პრატასევიჩის ინტერვიუ "აღიარებითი ჩვენებებით". ბლოგერის ოჯახი და ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ინტერვიუ ძალადობის და ზეწოლის შედეგია.

25 ივნისს, რამან პრატასევიჩი და სოფია საპეგა საგამოძიებო იზოლატორიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG