Accessibility links

site logo site logo

სპეციალური მასწავლებლებისთვის გამოცდა პირველად ჩატარდა


ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, წელს პირველად, სპეციალურ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა მიეცათ. სპეციალურმა მასწავლებლებმა, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობენ, გამოცდაზე დღეს, 27 ივლისს, გავიდნენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებლები, უფროსი სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციას მიიღებენ და მათი სტატუსი უფროსი მასწავლებლის სტატუსს გაუთანაბრდება, რაც ანაზღაურებაშიც გამოიხატება. სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურება მოსწავლეთა რაოდენობაზეც იქნება დამოკიდებული.

„წლების მანძილზე ვიბრძოდით, რომ ეს გამოცდა დანიშნულიყო. სამი ღია წერილი მივწერეთ განათლების მინისტრს, მივმართეთ პარლამენტში განათლების კომიტეტს და მიზანს მივაღწიეთ. დიდი იმედი მაქვს, ყველა ჩვენგანი გამოცდას წარმატებით ჩააბარებს. ამ გამოცდის მიზანია, რომ ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, რათა ჩვენი კომპეტენციის საშუალებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეებს საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრაციაში დავეხმაროთ", - ამბობს სპეციალური მასწავლებელი მარიამ გოდუაძე.

ნინო შენგელიას, რომელიც წლებია სამტრედიის ერთ-ერთ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობს, მიაჩნია, რომ ხელფასის განსაზღვრა მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით უსამართლოა: „ზოგ სპეც.მასწავლებელს ხუთი მოსწავლე ჰყავს, ზოგს ერთი, მაგრამ შეიძლება იმ ერთთან იმდენი სამუშაო იყოს შესასრულებელი, რაც ხუთთანაც არ იყოს საჭირო. ჩვენი პროფესია დიდ შრომას მოითხოვს და ერთი მოსწავლისთვისაც ადაპტირებული მასალის შექმნა და შემდეგ მისი ათვისება, დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. ასე რომ, არასწორია, როცა ხელფასს მოსწავლეთა რაოდენობით განსაზღვრავენ", -ამბობს ნინო შენგელია.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სპეციალური მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 2 800 მასწავლებელი, აქედან 22 საგამოცდო ცენტრში (სულ 25 საგამოცდო ცნტრია), სადაც აღნიშნული გამოცდა მიმდინარეობდა, გამოცხადდა მაწავლებელთა 93%.

დადასტურებული კოვიდ - 19-ის დიაგნოზის გამო დღევანდელ სესიებზე არ გამოცხადდა 20-მდე გამოსაცდელი. მათთვის საგამოცდო დღე უახლოეს მომავალში განისაზღვრება.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის დადგენილების -„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, სპეციალური მასწავლებლებისთვის სასერთიფიკაციო გამოცდების ჩატარება, გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2021 წელს დაევალა. რაც შეეხება წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსს, ამ გამოცდის ჩატარება სამომავლოდ იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG