Accessibility links

site logo site logo

რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებულ რეგიონში შეხვედრებს მართავს


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის დელეგაცია, რომელსაც რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ხელმძღვანელობს. ის რამდენიმე დღეა, რაც ცხინვალში იმყოფება. ოსური მედიის ცნობით, ნურგალიევი 28 ივლისს როკის გვირაბთან დაგეგმილი სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო ადგილს დაათვალიერებს.

ნურგალიევი დე ფაქტო პრეზიდენტთან ანატოლი ბიბილოვთან სხვა საკითხებთან ერთად ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავს.

„დღეს ძალზედ მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთის სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა. მის სამშენებლოდ მოსამზადებელი ეტაპი უკვე მიმდინარეობს. ის, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს, ხელს შეუწყობს ჩვენს ერთობლივ მოქმედებებს", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. მან იმედი გამოთქვა, რომ დასახული მიზანი მალე შესრულდება, რათა წელსვე დე ფაქტო რესპუბლიკა სარეზერვო ხაზით ელექტროენერგიით მომარაგდეს.

ზამთარში ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც რუსეთიდან ცხინვალის რეგიონის ელექტროენერგიას აწვდის რამდენჯერმე დაზიანდა და დე ფაქტო რესპუბლიკა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პრობლემები შეექმნა ოკუპირებულ რეგიონში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზას და 20-ზე მეტ სამხედრო ქალაქს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს, ამიტომ გადაწყდა სარეზერვო ელექტროხაზის აშენება. ნურგალიევი ეგრეთწოდებულ სასაზღვრო ზონებსაც ესტუმრა.

ოსური მედიის ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ სოფლები სინაგური და თედელეტი მოინახულა სადაც მოსახლეობას შეხვდა. ნურგალიევმა განაცხადა, რომ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საბჭოების მთავარი ამოცანაა ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეს საკითხები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG