Accessibility links

site logo site logo

პლატფორმა „სალამ" სასწრაფო დახმარების ექიმისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს


სასწრაფო დახმარების ექიმის მხრიდან დისკრიმინაციული მოქმედების შესახებ წერს პლატფორმა „სალამ". არასამთავრობო ორგანიზაცია „ფეისბუკის" გვერდზე მოგვითხრობს 28 ივლისს საღამოს მომხდარი შემთხვევის შესახებ.

„პლატფორმა „სალამის" ოფისში ერთ-ერთი ჩვენი წევრი შეუძლოდ გახდა. მაშინვე, 18:05 საათზე გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეალობის გათვალისწინებით ერთი საათის და 5 წუთის დაგვიანებით მოვიდა სასწრაფოს დახმარების ბრიგადა, რომელიც მოსვლისთანავე გამოირჩეოდა აგრესიულობითა და არაეთიკურობით, რითაც უხეშად არღვევდა ექიმის პროფესიულ სტანდარტებს, რაზეც ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა შენიშვნა მისცა ექიმებს.

პაციენტის გასინჯვის დროს, ბრიგადის ერთ-ერთმა წევრმა გვკითხა, თუ საიდან ვიყავით, ჩვენი პასუხი, რა თქმა უნდა, იყო, რომ ვიყავით საქართველოს მოქალაქეები და მსგავსი შინაარსის კითხვები იყო არასწორი.

ექიმებმა პაციენტის გასინჯვის მიუხედავად, არ დაგვიტოვეს პაციენტის გასინჯვის ოქმი. ამასთანავე, გარეთ გასვლის შემდეგ, ჩვენს ერთ-ერთ წევრს, რომელიც მათ გარეთ აცილება, ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა: „თქვენს ქვეყანაში, რომ ჩახვალთ იქ იყავით ასეთი მომთხოვნი ექიმების მიმართ“, - წერს პლატფორმა სალამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტული ექიმისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ უბანში, ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე საქართველოს მოქალაქეებს ასე ესაუბრება და ექცევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, წარმოგვიდგენია, თუ რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის რა მძიმე და აუტანელი რეალობაა.

მოვითხოვთ, აღნიშნულმა ექიმმა საჯაროდ ბოდიში მოიხადოს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წინაშე ან განთავისუფლებულ იქნას სამსახურიდან", - ნათქვამია „სალამის" განცხადებაში.

რადიო თავისუფლება ცდილობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრითან დაკავშირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG