Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისშია


თბილისში იმყოფება ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი. მან საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 28 ივლისს, „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით, ოპოზიციის ნაწილთან აპრილში მიღწეული შეთანხმება.

ფონ კრამონი, რომელიც კიევში იმყოფებოდა, თბილისს წუხელ ეწვია და აეროპორტი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.

დღეს, ევროპარლამენტარმა ტვიტერის პირად გვერდზე გადაიტანა ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის კომენტარი, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მთავრობის პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა, როგორც ჩანს, მიანიშნებს, რომ ამ პარტიას მხოლოდ თავისი მომავალი აღელვებს და არა ქვეყნის, და რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს.

ევროპარლამენტარი ფონ კრამონი სენატორ რიშის შეფასებას ეთანხმება და თავად ამატებს, რომ სამწუხაროდ, იგივე ეხება უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რომელმაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა და „ქართულ ოცნებას“ ანულირება გაუადვილა.

28 ივლისს, პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ანულირებულად გამოაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიციის ნაწილთან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება. "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლარიზაციის და რადიკალიზაციის შემცირება, რაც ვერ მოხერხდა და პირიქით მოხდა, და, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას არ შეუერთდა.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ოპოზიციამ შეაფასა ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლად და "ქართული ოცნების" მიზნად, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG