საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებას საქართველოში მიმდინარე მრავალეროვანი სამხედრო წვრთნების, „Agile Spirit 2021“-ის შესახებ.
როგორც დარსალია აღნიშნავს, საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული უფლება თავის ტერიტორიაზე ჩაატაროს სამხედრო წვრთნები, მათ შორის მრავალეროვნული ხასიათის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით, რაც ტარდება კიდეც.
მინისტრის პირველი მოადგილე წვრთნების მიზნების შესახებ ლაპარაკობს: „საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები ემსახურება ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწას და გაძლიერებას, მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ“.
დასრალიამ ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის უარყოფითი როლი საქართველოს უსაფრთხოების საკითხში. „საქართველოს, ისევე როგორც მთელი რეგიონის უსაფრთხოებას ძირს უთხრის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, პირველ ყოვლისა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, მათი მილიტარიზაცია და პერმანენტული სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მუქარანარევი განცხადებების ნაცვლად, სჯობს რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და სწორედ ეს შეუწყობდა ხელს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას“, - განაცხადა მან.
დაწერეთ კომენტარი