Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა: სიტყვის თავისუფლება "ექსტრემიზმში" გადაიზარდა. ბელარუსში მუშაობას წყვეტს გოეთეს ინსტიტუტი


ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ იუწყება გოეთეს ინსტიტუტი, რომელიც ფეისბუკში გამოქვეყნებულ ცნობაში მადლობას უხდის ინსტიტუტის გუნდს და მათ მხარდამჭერ ბელარუს მოქალაქეებს. „ვიდრე არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში სულიერებით გამსჭვალული ადამიანები, ვიდრე არსებობს კულტურა, შესაბამისად, არსებობს ჩვენი საქმიანობის საფუძველიც“, - ნათქვამია გოეთეს ინსტიტუტის განცხადებაში.

ივლისის დასაწყისში ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყანაში გოეთეს ინსტიტუტისა და აკადემიური გაცვლის გერმანული სამსახურის აკრძალვა მოითხოვა ევროკავშირის მიერ ბელარუსის ეკონომიკისათვის დაწესებული „სექტორალური სანქციების“ პასუხად.


პარალელურად მინსკი განაგრძობს რეპრესიებს ქვეყანაში დარჩენილი თითო-ოროლა დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ.

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, 30 ივლისის მთავრობის სხდომაზე განაცადა, რომ სიტყვის თავისუფლება „ექსტრემისტულ საქმიანობაში“ გადაიზარდა, რის გამოც, მისი თქმით, „დასასრულს უახლოვდება ხელისუფლების მიერ საინფორმაციო ველზე დაწყებული სისტემური მუშაობა“.

ბელარუსის სპეცსამსახურებმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა დააპატიმრეს ათობით ჟურნალისტი, დახურეს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ინტერნეტგამოცემა Тут.by, ექსტრემისტულად გამოაცხადეს ტელეარხი „ბელსატი“ და გრძელდება უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მასობრივი დაკავება, შესაბამისად, დღითი დღე იზრდება პოლიტპატიმრების რაოდენობა.

უფლებადამცველ ცენტრ "ვიასნას" ცნობით, დღეისათვის პოლიტპატიმრების რიცხვი ბელარუსში 597-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG