Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუსეინ ბაკიხანოვს თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა 15 ივლისს უნდა აეღო


აზერბაიჯანელ აქტივისტსა და ბლოგერს, ჰუსეინ ბაკიხანოვს, რომელიც 14 ივლისს, თბილისში გარდაიცვალა, საქართველოში თავშესაფრის მოძიების საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“.

30 ივლისს, ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ ჰუსეინ ბაკიხანოვმა ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარების თხოვნით 15 ივნისს მიმართა:

„მან მოგვმართა თავშესაფრის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით და მას კონკრეტულად აინტერესებდა ამ პროცედურის გარშემო არსებული სამართლებრივი ასპექტები. მას გაეწია კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაცია საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნის წესთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მან შსს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართა და ითხოვა საქართველოში თავშესაფარი. აგრეთვე, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ 2021 წლის 15 ივლისს მას უნდა აეღო თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რაც არ ნიშნავს იმ ფაქტს, რომ მას მიენიჭა საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი. 6 ივლისს, ეს პირი დაგვიკავშირდა და მისი მომართვის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მას სურდა მესამე ქვეყანაში გადასვლა. მას ჩვენს მიერ გაეწია შესაბამისი კონსულტაცია. შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდა 2021 წლის 14 ივლისს, იმ დღეს, როდესაც ის გარდაიცვალა. მან განმარტა, რომ მასთან მიმართებაში განხორციელდა ძალადობა, ცემის ფაქტი და მას სურდა სამართლებრივი კონსულტაცია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჰუსეინ ბაკიხანოვს არ უთხოვია გარკვეული სახის სამართლებრივი დახმარება, მან მხოლოდ შესაბამისი კონსულტაცია ითხოვა“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“.

აზერბაიჯანელი ბლოგერი თბილისში, 14 ივლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული. შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ბლოგერი თბილისში, სასტუმრო „რუმსიდან“ გადმოხტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG