Accessibility links

site logo site logo

თამარ გაბუნია: რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება კორონავირუსის რეგულაციების გამკაცრება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომლის წევრი თვითონაც არის.

"​ჯერჯერობით იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც მოქმედია და დაწესებულია, არ არის დაგეგმილი. მთავარია, აღსრულდეს, რაც მოქმედია... ასევე, ქორწილებში მონაწილესაც ეკისრება პასუხისმგებლობა. თითოეული მოქალაქის თავის დაცვისთვის და ოჯახის წევრის დაცვისთვის მნიშვნელოვანია, მან თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება [წასვლა/არწასვლაზე]... რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ მოქალაქემ არ მიიღო ამის შესახებ გადაწყვეტილება, ეს სანქციები არის ფორმალობა", - თქვა თამარ გაბუნიამ.

დღეს კორონავირუსის მეოთხე ტალღის პირობებში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკური მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

"ახლა შევედით პიკში და შემდეგი 10 დღის ფარგლებში იქნება ეს მდგომარეობა", - თქვა თამარ გაბუნიამ.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ დაფიქსირდა 428 670 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი, გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი კი 5910-ს გაუტოლდა. ბოლო 24 საათში 1895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, სულ გამოჯანმრთელებულია - 388 893.

გასული დღის განმავლობაში აიცრა 16 677 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 523 466 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 165 084.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG